logo_geo
eng_logo
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ისრაელში შეხვედრები გამართა
- +

11 აგვისტო. 2023. 16:54

 

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა.

 

საპარლამენტო დელეგაციის წევრები  ქნესეთის თავმჯდომარეს ამირ ოჰანას და ისრაელი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს დავიდ ბიტანს  შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს  ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და  საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

 

შეხვედრა გაიმართა ისრაელის ტურიზმის მინისტრ ჰაიმ კაცთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ისრაელს შორის ტურიზმის მიმართულებით კავშირების გაღრმავებას და განვითარებას.

 

საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა  რუტენბერგის ელექტროსადგური დაათვალიერეს, რომელიც აშკელონთან ახლოს, ღაზას მიმდებარედ მდებარეობს. შეხვედრა გაიმართა ასევე ისრაელის ელექტროკორპორაციის წარმომადგენლებთან, სადაც ყურადღება გამახვილდა  რუტენბერგის ელექტროსადგურის მნიშვნელოვან როლზე ისრაელის ენერგო დამოუკიდებლობაში.

 

დელეგაცია ასევე შეხვდა ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრს ავი დიხტერს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის კუთხით მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებს.

 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქს ესტუმრა.

 

დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა ებრაელებმა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობასა და მეგობრობაზე ისაუბრეს.

 

ისრაელში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტში მონაწილეობდნენ: ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი  გივი მიქანაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი, განათლების და მეცნიერების კომიტეტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner