„თითოეული ჩვენგანი ვალში ვართ მათ წინაშე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევძლოთ მათი ოცნების ახდენა - საქართველოს გამთლიანება! ეს პასუხისმგებლობა განსაკუთრებით პოლიტიკოსებს გვაკისრია“, - ამას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე შინდისის გმირების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, შინდისის ბრძოლაში დაღუპულმა სამხედროებმა გმირობის საოცარი მაგალითი გვაჩვენეს და სწორედ ასეთი ადამიანების წყალობით საქართველო არასოდეს დაივიწყებს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას.
„მათ გვაჩვენეს გმირობის საოცარი მაგალითი! შეეძლოთ უკან დახევა, მაგრამ არ გააკეთეს, არ დაუტოვეს მტერს არჩევანი, გარდა გმირული სიკვდილისა. მათ ყველა ქართველს გულზე დაგვაწერეს საკუთარი სახელები, რათა არასოდეს დავივიწყოთ დროებით ოკუპირებული საქართველოს გათავისუფლება. თითოეული ჩვენგანი ვალში ვართ მათ წინაშე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევძლოთ მათი ოცნების ახდენა - საქართველოს გამთლიანება! ეს პასუხისმგებლობა განსაკუთრებით პოლიტიკოსებს გვაკისრია. ბოლო პერიოდმა გვაჩვენა, რომ ზოგჯერ მშვიდობის შენარჩუნებას კიდევ უფრო დიდი ბრძოლა სჭირდება, ვიდრე ომში ტყვიის სროლას. სწორედ მშვიდობა სჭირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. გვეყო სამშობლოსათვის თავდადებული ვაჟკაცების დაკარგვა. მარტო შინდისის გმირების ისტორიით იამაყებდა ნებისმიერი ქვეყანა. ჩვენ დავიბრუნებთ იმას, რაც ოკუპანტმა ჩვენივე პოლიტიკოსების უგუნური მმართველობის შედეგად წაგვართვა და ამით უკვდავყოფთ ქართველი გმირების ხსოვნას! დიდება მათ სახელებს!“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.