„ზოგადი პრინციპია, რომ როდესაც რაიმე ხარვეზია, მათ დადგენაზე რეაგირება უნდა მოახდინოს და გამოასწოროს კონტრაქტორმა კომპანიამ, რაშიც ფულს ქვეყანა არ იხდის“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
„აბსოლუტურად რეალობას მოწყვეტილია მსჯელობა, თითქოს ხარვეზებით ვაწარმოებთ სამუშაოებს რიკოთზე და ვიტყვი, რომ ძველი შემთხვევები, რომელიც დაფიქსირებული იყო ხარვეზებთან მიმართებაში მეტყველებს საპირისპიროზე, იმაზე, რომ ძალიან ეფექტურად მუშაობს გუნდი და პირველ რიგში, ადგილზე მყოფი 24-საათიან რეჟიმში მომუშავე საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია. ჩვენ გვახსოვს პირველი შემთხვევა უკავშირდებოდა უბისა-შორაპნის მონაკვეთს, სადაც მოხდა ფერდის ჩამოშლა, რომელმაც დააზიანა კონსტრუქცია. ეს ხდება 6 თვის წინ. დღეს უკვე გამოსწორებულია და ეს გამოსწორება სრულად მოხდა კონტრაქტორი კომპანიის ხარჯზე, ქვეყანას ფული არ გადაუხდია. ეს მარტო აქ არ ხდება, ეს არის ზოგადი პრინციპი, რომ როდესაც რაიმე ხარვეზია, რეაგირება უნდა მოახდინოს ამ ხარვეზის დადგენაზე და შესაბამისად გამოასწოროს კონტრაქტორმა კომპანიამ, რაშიც ფულს ქვეყანა არ იხდის. მეორე მაგალითი იყო ბურჯი, რომელიც იყო ხარვეზიანი, არ შეესაბამებოდა მოთხოვნებს, როგორიც უნდა ყოფილიყო. საზედამხედველო კომპანიამ გასცა შესაბამისი ინსტრუქცია, რომ დემონტაჟი განეხორციელებინათ და დღეს უკვე ეს ბურჯი აშენებულია იმ სახით, როგორიც უნდა იყოს. აქაც ქვეყანას არანაირი ხარჯი არ გაუწევია. ზოგადად, როდესაც საუბარია ხარვეზებზე ან კონკრეტულად უნდა იყოს მითითება თუ რა ხარვეზზეა საუბარი ან სხვა შემთხვევაში სახეზეა საზედამხედველო კომპანიის, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ყველა ჩართული მხარის დროული და ადეკვატური რეაგირება“, - აღნიშნა ქარსელაძემ.