„საავტომობილო გზების დეპარტამენტმა წინმსწრებად, ვიდრე რიკოთის149-ე კმ-ზე განვითარდებოდა მეწყრული პროცესი, მიიღო შესაბამისი ადეკვატური ზომები. რეაგირება იყო მყისიერი და ეფექტური”, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.
მისი თქმით, რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ბრალდება იყო, რომ „რიკოთი დაკეტილია. მინისტრმა განმარტა, რომ რიკოთზე მოქმედებს სპეციალური რეჟიმი, რომლის გამომწვევი მიზეზია 149-ე კმ-ზე, არსებული ძველი გზიდან, დაახლოებით, 200 მეტრში აღმოჩენილი პოტენციური მეწყრის კერა.
„მყისიერად იყო გადაწყვეტილება მიღებული რიკოთის დაკეტვასთან დაკავშირებით. გაფართოვდა გზა, გასამმაგდა დამაგროვებელი ბუფერი და ასევე მოეწყო შესაბამისი კედელი. ჩვენ უკვე შეგვეძლო, შესაბამისი სპეციალური რეჟიმის დაწესების პირობებში, მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ამ პირობებშიც კი, გადადგილება დღესაც რჩება აბსოლუტურად უსაფრთხო“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, შესაბამისად, 149-ე კმ-ზე მეწყერი არ განვითარებულა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის 24-საათიანი მონიტორინგის შედეგად აღნიშნულ მონაკვეთზე უსაფრთხო გადადგილება უზრუნველყოფილია.
„როგორც გუშინ ვრცელდებოდა, გადაადგილების რეჟიმი 19:00 საათამდე, სიმართლეს არ შეესაბამება, არამედ არის 06:00 საათიდან 21:00 საათამდე და შემდეგ, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე არის სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის. ეს არის მაგალითი იმისა, რაც საპირისპიროა ბრალდების, თითქოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს არ შეუძლია მართოს პროცესები და კომპეტენციის პრობლემაა. მსგავსი შეფასებები კეთდებოდა, რომელიც ელემენტარულად, უსაფუძვლო და გარკვეულწილად ცილისმწამებლურია. ეს არის სწორედ ის მაგალითი, როდესაც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა წინმსწრებად, ვიდრე განვითარდებოდა, მიიღო შესაბამისი ადეკვატური ზომები. ანუ, რეაგირება იყო მყისიერი და ეფექტური“, - განაცხადა ქარსელაძემ.