„უსაფუძვლოა ბრალდება, თითქოს რიკოთის პროექტს რაღაც დააკლდა, მას ამზადებდნენ გამოცდილი კომპანიები, ჩართული იყვნენ დამოუკიდებელი ექსპერტები და მხოლოდ მათი დადასტურებების პირობებში დამტკიცდა“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რიკოთის უღელტეხილის პროექტი განისაზღვრა, როგორც სამშენებლო ტენდერისთვის მომზადებული პროექტი, ვარგისიანი, დამაკმაყოფილებელი ხარისხიანი პროექტის სახით“
„ბრალდება, რომელიც უკავშირდება პროექტირებას და საპროექტო, საკვლევაძიებო სამუშაოებს, აბსოლუტურად აცდენილია იმ რეალობას, რაც ხდებოდა. პროექტირება და შესაბამისი მომსახურების შესყიდვა მსოფლიოს ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის პროცედურებით განხორციელდა. ხარისხზე დაფუძნებული შესყიდვის პროცედურაა, რომელიც, პირველ რიგში, კომპანიისა და კომპანიაში პროექტისთვის წარმოდგენილი ინჟინრების, ექსპერტების, გუნდის ტექნიკურ შეფასებას ითვალისწინებს, ასევე ითვალისწინებს მსგავსი მასშტაბური პროექტების გამოცდილებას და მრავალ სხვა პარამეტრს, ისევე, როგორც ფინანსურ გამოცდილებას და სხვადასხვა მოთხოვნას. ამის შედეგად უკვე 80/20-ზე ნაწილდება ქულების შეფასება. ანუ, მთლიან შეფასებაში 80 პროცენტი მიენიჭება ექსპერტების შეფასებას, მათ კვალიფიკაციას და 20 პროცენტი არის ღირებულება. სწორედ ასეთი შესყიდვის შედეგად იქნა შერჩეული ოთხი კომპანია. ეს ოთხივე კომპანია არის სახელოვანი წამყვანი კომპანიები, რომლებთან ერთადაც, საგზაო პროექტირების სამი ქართული წამყვანი კომპანია იყო ჩართული. ჯამურად, მხოლოდ რიკოთზე, მხოლოდ პროექტირებაზე 140 სპეციალისტი მუშაობდა - ინჟინერი, ექსპერტი. აქედან 56 იყო საერთაშორისო, 84 კი ადგილობრივი.
გარდა იმისა, რომ გამოცდილი კომპანიები ამზადებდნენ დეტალურ პროექტს, ამასთანავე, საკუთრივ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს ჰყავდათ თავიანთი დამოუკიდებელი ექსპერტები დაქირავებული, რომლებიც პროექტირების პროცესებში იყვნენ ჩართული. საბოლოო ჯამში, მხოლოდ მათი დადასტურებების, აუდიტის და შემდგომი საბოლოო დასტურის პირობებში იქნა დამტკიცებული პროექტები, რომლებიც შემდეგ განისაზღვრა, როგორც სამშენებლო ტენდერისთვის მომზადებული პროექტი, ვარგისიანი, დამაკმაყოფილებელი, ხარისხიანი პროექტის სახით.
ბევრი მსჯელობა გვესმოდა, რამდენად არიან ქართველი სპეციალისტები ჩართული, ვფიქრობ, ციფრები მეტყველებს ყველაფერზე, რამდენად მნიშვნელოვანი, მასშტაბური იყო ჩვენი ინჟინრების ჩართულობა ამ მიმართულებით. როცა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დაქირავებულ ექსპერტებზეა საუბარი, საქმე გვქონდა ძალიან გამოცდილ გერმანელ, ფრანგ, იტალიელ, ავსტრალიელ, ავსტრიელ და სხვა ძალიან წარმატებული, დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნების წარმომადგენლებთან და კომპანიებთან. აქედან გამომდინარე, საუბარი, თითქოს პროექტს რაღაც დააკლდა, რაღაც ისე არ იყო გაკეთებული, აბსოლუტურად უსაფუძვლოა“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.