პენტაგონის სპიკერმა, პეტ რაიდერმა განაცხადა, რომ უკრაინაში ფრონტზე მდგომარეობა არ არის იდეალური, თუმცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სასწაული მოახდინეს და რუსი დამპყრობლები აიძულეს, თავდაცვით პოზიციაში გადასულიყვნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებში თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ კონტრშეტევა რთული ბრძოლა იქნებოდა, იმისდა მიუხედავად, თუ როდის დაიწყებოდა.
რაიდერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინულ ძალებთან მუშაობას, რათა უზრუნველყოს საჭირო შესაძლებლობები.
„მოდით, გადავდგათ ნაბიჯი უკან და ვაღიაროთ, რომ ეს არ არის იდეალური სიტუაცია. არავინ არასდროს ისურვებდა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრილიყო, მაგრამ მათ [ეს] გააკეთეს. უკრაინელებმა რუსები აიძულეს, თავდაცვით პოზიციაში გადასულიყვნენ, რაც თავისთავად სასწაულია, თუ გავითვალისწინებთ უკრაინის არმიის მდგომარეობას რუსეთის შეჭრის დროს“, - ხაზგასმით აღნიშნა პენტაგონის სპიკერმა.