„ხვალ, 54 კმ სიგრძის პერიმეტრი გაკონტროლდება“, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მდინარის მონიტორინგი პირველივე დღიდან მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე, ვინაიდან მდინარის დონე დაწეულია, გამოჩნდა ისეთი ადგილები, სადაც შესაძლებელი გახდა ადგილზე გადამოწმება. დღეს ნაპოვნი ცხედრები, სავარაუდოდ პირველივე ძლიერი ტალღის შედეგად წამოღებული ადამიანების ცხედრებია. ხვალ, 54 კმ სიგრძის პერიმეტრი გაკონტროლდება. ეს არის ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მდინარის კალაპოტი გაშლილია“, - აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.
რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროის მონაცემებით სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9-ის მოსაძიებლად კი 24-საათიან რეჟიმში მაშველები მუშაობენ.