„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ხოლო რიკოთის შემთხვევაში - მსოფლიოს ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის - დაფინანსების პირობებში, რა თქმა უნდა, პროექტთან დაკავშირებული შესყიდვები ხორციელდება მათი პროცედურებით. ამ პროცედურას ჰქვია „ღია საერთაშორისო ტენდერი“. ასეთია შესყიდვის ფორმა, რომელიც ცალსახად განმარტავს, თუ ვის შეუძლია ტენდერში მონაწილეობა, რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს პრეტენდენტმა ფინანსური, თუ ტექნიკური გამოცდილების თვალსაზრისით", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, დადგენილი პროცედურები ითვალისწინებს სამ ძირითად ეტაპს, რომელიც საჭიროებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის დასტურს შესყიდვის სრული პროცესის განმავლობაში, ხელშეკრულების გაფორმების ჩათვლით. ამასთან, განსაზღვრულია ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი კომპანიის დისკვალიფიკაციის საფუძვლებიც.
„შეუძლებელია ამ პროცედურების პირობებში, ტენდერში გაიმარჯვოს და ხელშეკრულება გაფორმდეს სანქცირებულ, შავ სიაში მყოფ კომპანიასთან. შესაბამისად, მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროცედურების მკაცრი დაცვით გამოვლინდა ტენდერში გამარჯვებული კომპანიები. შეგახსენებთ, რომ რიკოთის 4 მონაკვეთზე 4 სხვადასხვა კომპანია მუშაობს, სადაც მაღალი კონკურენციის დონე იყო და გამარჯვებულებად გამოვლინდნენ ის კომპანიები, რომლებმაც დააკმაყოფილეს აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა. ხელშეკრულება მათთან ვერ გაფორმდებოდა, თუ ეს კომპანიები იქნებოდნენ“.
მინისტრის განმარტებით, რიკოთის მშენებელ კომპანიებთან გაფორმებულია ფიდიკის ტიპის, საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს პროექტის განვითარების და ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს. ამ ხელშეკრულებების მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, კომპანიის სანქცირება შეწყვეტის მიზეზი ვერ გახდება.
„მიუხედავად ამისა, გუშინ ვთხოვე საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ღია წყაროებში გადაემოწმებინათ იყვნენ თუ არა აღნიშნული კომპანიები დღეის მდგომარეობით სანქცირებული და გაირკვა, რომ 10 აგვისტოს მდგომარეობით, არცერთი რიკოთის მშენებლობაში ჩართული კომპანია არ იმყოფება შესაბამისი საფინანსო ინსტიტუტების შავ სიაში. ყველა ის ბრალდება, რაც სანქცირებას უკავშირდება, თითქოს პროექტი სანქცირებულ კომპანიებს მივეცით, არის სრული ტყუილი,"- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
ირაკლი ქარსელაძის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში საქმიანობის 5 წლიანი პერიოდის განმავლობაში, კორუფციის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი ოპონენტებს არ წარმოუდგენიათ. მისი თქმით, მსგავსი ცილისმწამებლური ბრალდებები შეურაცხყოფს ყველა იმ ადამიანს და ორგანიზაციის, რომელიც რიკოთის მშენებლობაშია ჩართული, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან.