სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების არეალი გაიზარდა და მძიმე ტექნიკის მუშაობა დღეს დილიდან კვლავ განახლდა, - ამის შესახებ რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ შოვში განაცხადა.
მისივე თქმით, მდინარე გუბის კალაპოტში გუშინ, გვიან ღამით დაფიქსირდა ქვათაცვენის ფაქტი, რის გამოც სამუშაოები დილამდე შეჩერდა.
„როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთი დიდი მასშტაბის სტიქიების შემდეგ, ეს დამახასიათებელია. ვინაიდან ცუდი ხილვადობა იყო, გვიან ღამით მოხდა სამუშაოების დილამდე შეჩერება. დილით უკვე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მოხდა ვერტმფრენითა და დრონებით ამ ხეობის დათვალიერება და მნიშვნელოვან ქვათაცვენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, დილიდანვე განახლდა საძიებო სამუშაოები“, - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.
რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროის მონაცემებით სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9-ის მოსაძიებლად კი 24-საათიან რეჟიმში მაშველები მუშაობენ.