რადგანაც აშშ-ში ზოგიერთი მემარჯვენე პოპულისტი უკრაინის დახმარების წინააღმდეგ გამოდის, Washington Post-ის კოლუმნისტი, მარკ ტისენი პოლონეთის პოპულისტური კონსერვატიული მთავრობის ლიდერის, ანჯეი დუდას აზრით დაინტერესდა და ჰკითხა, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი ამერიკელმა კონსერვატორებმა უკრაინას.
„ეს ძალიან მარტივია. ახლა რუსული იმპერიალიზმის შეჩერება იაფია, რადგან ამერიკელი ჯარისკაცები არ იხოცებიან, მაგრამ თუ რუსულ აგრესიას ახლა არ შევაჩერებთ, ამისთვის ძალიან დიდი საფასურის გადახდა იქნება საჭირო“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
ანჯეი დუდამ ინტერვიუს დროს საქართველოც ახსენა. „ჩვენ ვხედავთ რუსული იმპერიალიზმის აღორძინებას, დაწყებული 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრით“, - განაცხადა მან.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, რუსული იმპერიალიზმის გამოვლინებაა 2014 წელს რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა და მისი მუქარა ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთისა და მთელი ცენტრალური ევროპის მიმართ.
„ვლადიმერ პუტინი და მისი ახლობლები ოცნებობენ მეფეების ძალაუფლებაზე და მეფის ტერიტორიის აღდგენაზე. ჩვენ ახლავე უნდა შევაჩეროთ რუსეთის წინსვლა უკრაინაში, რომ არ მოხდეს ისე, როგორც მოხდა პირველ და მეორე მსოფლიო ომებში“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.