ავტორი თაკო კვარაცხელია
ჩვენი დღევანდელი ინტერვიუ, ცოტა განსხვავებული და უცნაური ფორმატის იქნება. ტრადიციული კითხვა-პასუხის მაგივრად, ის უფრო ინფორმაციული ხასიათის იქნება და ძირითადად რჩევებით იქნება გაჯერებული. „რეპორტიორის“ სტუმარია ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა.
- ქალბატონო ნატა, ზაფხულია - შვებულებების და არდადეგების, ზღვის და საცურაო კოსტიუმების სეზონი... ადამიანები ამ პერიოდში განსაკუთრებულად დაჩქარებით ცდილობენ ხოლმე ზამთარში დაგროვებული ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას. გასაგებია, რომ სწრაფად კლება არაა სწორი მეთოდი, მაგრამ იქნებ არსებობს რაიმე ჯანსაღი გამოსავალი, საცურაო კოსტიუმების მორგებამდე, შედარებით ჩქარა რომ დაიკლონ ადამიანებმა წონაში?
- ახლა მე თქვენს მკითხველს ვასწავლი ე.წ. „სასის წყლის“ კლასიკურ რეცეპტს: ორ ლიტრ ოთახის ტემპერატურის სასმელ წყალს უნდა დავამატოთ ერთი ს.კ. გახეხილი, ფაფის კონსისტენციის ჯანჯაფილი, თხლად დაჭრილი საშუალო ზომის კიტრი და 10-12 ფოთოლი პიტნა, მსუბუქად დასრესილი. სასმელი უნდა მოამზადოთ საღამოს და შეინახოთ მაცივარში. არსებობს ვარიაცია ლიმონითაც: ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტს ემატება დაჭრილი ლიმონი. მომზადება უმჯობესია საღამოს, რადგან დროა საჭირო იმისათვის, რომ ნაყენი მაქსიმალურად ეფექტური იყოს. პირველ რიგში, კარგად გარეცხეთ პროდუქტები: ლიმონი, კიტრი, ჯანჯაფილი და პიტნა (უმჯობესია, ყველაფერი თბილ, გამდინარე წყალში გაირეცხოს). მიღებული ნაყენი უნდა მიიღოთ მთელი დღის განმავლობაში.
- მისი მიღების წესებიც რომ გაგვიმხილოთ...
- რაც მთავარია, ინგრედიენტები უნდა იყოს ახალი და ხარისხიანი. კიტრსა და ლიმონს კანიანად ვიყენებთ. ნუ დატოვებთ სასმელს მზიან ადგილას ან სითბოში, ნუ მიიღებთ ამ სასმელის დღეში ორ ლიტრზე მეტს - ეს დიდი დატვირთვა იქნება თირკმელებისთვის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის. ერთ ჯერზე მხოლოდ 200 მლ დალიეთ. წყლის ბოლო ულუფა 17.00 საათამდე მიიღეთ, დალევის წინ შეგიძლიათ გაწუროთ სასმელი. კარგი იქნება, რაციონიდან ამოიღოთ გაზიანი სასმელი, ჩაი და ყავა (მათ ამ წყლით ჩაანაცვლებთ).
- ყველას შეუძლია მისი მიღება, თუ არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლისთვისაც მისი მიღება მიზანშეწონილი არაა?
- ნუ მიიღებთ „სასის წყალს“, თუ ალერგიული ხართ მის რომელიმე კომპონენტზე; გაწუხებთ გასტრიტი; ზოგადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ან თირკმელები. „სასის წყალი“ მიიღეთ შვიდი დღე, შემდეგ მინიმუმ 14 დღე. ან „Flaxseed & Matsoni Slimming Fusion“, თუ გაწუხებთ: ყაბზობა; ზედმეტი კილოგრამები; სისხლში მაღალი ქოლესტერინი; ცუდი მხედველობა; კანის პრობლემები; თმის ცვენა; თავის ტკივილი; სახსრების ტკივილი; ნაზავის მოსამზადებლად გამოიყენეთ ახალდაფქვილი სელის თესლი (უმჯობესია ყავის საფქვავში დაფქვათ ერთი დღის პორცია). ჩაიტარეთ 21-დღიანი კურსი. პირველი შვიდი დღე სელის ფქვილი მიიღეთ შემდეგი პროპორციით: 1 ჩაის კოვზი სელის ფქვილი შეურიეთ 100 მლ მაწონს (1% ან 3,2% ან 3, 5 % ცხიმის შემცველობით). მე-8 დღიდან მე-14 დღის ჩათვლით მიიღეთ შემდეგი პროპორციით: ორი ჩაის კოვზი სელის ფქვილი და 120 მლ მაწონი (1% ან 3,2% ან 3,5 % ცხიმის შემცველობით). მე-15 დღიდან 21-ე დღის ჩათვლით მიიღეთ შემდეგი პროპორციით: 3 ჩაის კოვზი სელის ფქვილი და 150 მლ მაწონი (1% ან 3,2% ან 3,5 % ცხიმის შემცველობით).
- მისი მიღების წესი როგორია?
- მისი მიღების წესის რამდენიმე ვარიანტი არსებობს: პირველი ვარიანტი - ნაზავი მიიღეთ საუზმეზე და მინიმუმ ორი, მაქსიმუმ სამი საათი არაფერი ჭამოთ. მეორე ვარიანტი - ნაზავი მიიღეთ ვახშამზე დაძინებამდე ორი საათით ადრე. ამ ნაზავთან ერთად სხვა პროდუქტები არ ჭამოთ.
- კურსის ხანგრძლივობა რამდენი დღეა და რისთვისაა ის კარგი?
- კურსი არის 21-დღიანი, შემდეგ 30 დღე უნდა დაისვენოთ. ის კარგია: კუჭის მოქმედებისთვის; იმუნიტეტისთვის; სისხლძარღვებისთვის; სისხლში ქოლესტერინის დარეგულირებისთვის; ნერვული სისტემისთვის; წონაში დასაკლებად; კანისთვის; მადის სამართავად (კარგად ანაყრებს).
- ვისთვის არაა მისი მიღება რეკომენდებული?
- ის არ უნდა მიიღოს, ვისაც აწუხებს: ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი; მწვავე გასტრიტი; კუჭის მაღალი მჟავიანობა; მწვავე პანკრეატიტი ან გამწვავებული ქრონიკული პანკრეატიტი; არაა მისი მიღება რეკომენდებული ორსულობის დროს; ლაქტაციის დროს; თუ ხართ ალერგიული რომელიმე ინგრედიენტზე; თუ გაქვთ ნაღვლის ბუშტში კენჭი ან კენჭები;
- ქალბატონო ნატა, ზოგადი რჩევები როგორია იმისთვის, რომ ადამიანმა იცხოვროს და იკვებოს მეტად ჯანმრთელად?
- კარგი იქნება, თუ არ დაგავიწყდებათ წყლის მიღება (მინიმუმ 1,5 ლ დღეში), შეამცირებთ რაციონში შაქარს, მარილს, ტკბილ, გაზიან სასმელებს, ნაყინს, ცომს, ალკოჰოლს. ამას გარდა: დაძინებამდე 3 საათით ადრე უნდა დაასრულეთ საკვების მიღება. ამოიღეთ თქვენი რაციონიდან: ძეხვეული, მაიონეზი, კეტჩუპი, ჩიფსები, ხელოვნური დანამატებით გაჯერებული პროდუქტები, ზედმეტად მარილიანი და შებოლილი პროდუქტები, კონსერვები, გაზიანი ტკბილი წყლები, ლუდი, ნაყინი, კრემიანი ნამცხვრები და ა.შ. პრაქტიკულად ჯანმრთელმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს რაციონში სეზონური ხილი, ბოსტნეული, რძის ნაწარმი, ბურღულეული, კვერცხი, ხორცი, თევზი. უხვი რაოდენობით არაფრის მიღებას არ გირჩევთ, ზომიერად უნდა მიირთვათ ყველა პროდუქტი და კერძი.
- ქალბატონო ნატა, როგორც თქვენს პაციენტებს უწერთ ხოლმე რჩევებს პუნქტების მიხედვით, იქნებ ჩვენს მკითხველსაც პუნქტებად ჩამოუთვალოთ, რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ისინი, დღის განმავლობაში, თავს გრძნობდნენ მეტად ენერგიულად?
- 1. ამისთვის, კვების რაციონში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტების გამოყენება, არამედ ამა თუ იმ კერძის სწორად მომზადების ცოდნაც, რათა მომზადებისას ყველა არსებული სასარგებლო თვისება შევინარჩუნოთ. 2. დალიეთ წყალი. დღის განმავლობაში არ დაგავიწყდეთ მისი მიღება. წყალი უმჯობესია იყოს ოთახის ტემპერატურის. 3. დღის განმავლობაში ერთი კვება დაუთმეთ სეზონურ ხილს, მიირთვით ცოცხლად ან „სმუზის“ (ბლენდერში ათქვეფილი ხილი) სახით. ამასთანავე, უმჯობესია, ხილი მიირთვათ სადილამდე ორი-სამი საათით ადრე. კალორიებით ყველაზე მდიდარი ულუფა დღის პირველ ნახევარში მიირთვით. ყურადღება მიაქციეთ საკვებში მარილის, სუნელების, შაქრის რაოდენობას, რათა არ შეაკავოთ ორგანიზმში თქვენ მიერ მიღებული სითხე. სითხის შეკავება ორგანიზმში ჯანმრთელობისთვის არასასურველია, ეს წონის კლების შეჩერებას ან შენელებას იწვევს. არ წახვიდეთ საკვები პროდუქტების საყიდლად მშიერი. არასოდეს აირჩიოთ პროდუქტი მხოლოდ შეფუთვით მოხიბლულმა. მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი. სხვათა შორის, დღე-ღამის ძილის რიტმის დარღვევაც პირდაპირ აისახება წონის ცვლილებაზე. ღამის ძილის ნაკლებობა გასუქებას უწყობს ხელს. უძილობა პირდაპირ კავშირშია წონის მატებასთან. მნიშვნელოვანია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა: ფეხით სეირნობა, ცურვა, პილატესი და ა.შ. კვირაში სამი-ოთხჯერ. ისწავლეთ სტრესის მართვა. გახსოვდეთ, რაც გაღიზიანებთ, გაბრაზებთ და გაშინებთ, ზუსტად ის გმართავთ კიდეც! უნდა ისწავლოთ აგრესიული ენერგიის თქვენთვის საყვარელ საქმეში რეალიზება და აგრესიის კონსტრუქციული გამოყენება. უნდა გაიწაფოთ იმაში, რომ აგრესია გამოიყენოთ „საწვავად“ თქვენი მიზნებისთვის.
- ქალბატონო ნატა, ვიცით, რომ წყლის მიღება აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, მაგრამ რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღოს თითოეულმა ინდივიდმა? ყველას ხომ სხვადასხვა სიმაღლე, წონა და აღნაგობა გვაქვს...
- თუ ჯანმრთელია ადამიანი, წყლის რაოდენობა გამოითვლება შესაბამისობით - 30 მილილიტრი - 1კგ მასაზე. ამ ფორმულით თავად გამოთვლით თქვენთვის საჭირო წყლის მიღების დღიურ ნორმას. გაითვალისწინეთ, რომ ნორმაზე მეტი წყლის მიღება არ არის რეკომენდებული.
- რაც შეეხება სხეულის მასის ინდექსს, როგორ უნდა გამოვითვალოთ, გვაქვს თუ არა ნორმალური წონა?
- იმის დასადგენად, გაქვთ თუ არა ნორმალური წონა, გამოიყენეთ სხეულის მასის ინდექსი (სმი). ეს არის ფორმულა, რომელიც საშუალებას გაძლევთ გამოთვალოთ სხეულის მასა. სხეულის მასის ინდექსის გამოსათვლელად, ჩაწერეთ თქვენი წონა (კგ) და სიმაღლე (მ). მაგალითად წონა= 70 კგ, სიმაღლე = 175 სმ, ანუ 1.75 მ. ამ შემთხვევაში ჩაწერთ 70 კგ და 1.75 მ. კალკულატორს იპოვით ინტერნეტში სამედიცინო საიტებზე.
- და ბოლოს, იქნებ გაგვიზიაროთ ცნობილი ჩიას პუდინგის რეცეპტი, რომელიც გემრიელიცაა და სასარგებლოც?
- ჩიას პუდინგის რეცეპტი ასეთია: 200 გრ ნუშის რძეს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ჩიას თესლი, ჩაის კოვზი თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი, ან 4 ცალი უკურკო ფინიკი, ცოტა ვანილი. კარგად ათქვიფეთ ბლენდერში, შედგით მაცივარში მინიმუმ 2 საათით. მზა პუდინგი მორთეთ 100 გრ სეზონური ხილით. ნუშის რძე შეიძლება შეცვალოთ ქოქოსის ან თხილის რძით, ან ნებისმიერი ახლად გამოწურული წვენით. ასევე გიზიარებთ ვეგანური დესერტის რეცეპტს, რომელიც არის: უგლუტენო; უშაქრო; ულაქტოზო; არ სჭირდება გამოცხობა. ინგრედიენტები: ცომისთვის: 30 გრ ნუში ან შვრიის ფანტელები; 30 გრ ქოქოსის ფანტელები; 50 გრ ფინიკი (უკურკო); გახეხილი ლაიმის ცედრა. კრემისებური მუსისთვის: 1 მწიფე ავოკადო (დაახლოებით 130 გრ); 1 ლაიმი; 40 გრ ნეკერჩხლის ან ტოპინამბურის (მიწავაშლა) სიროფი; ქოქოსის ზეთი 3 სუფრის კოვზი; პიტნა გემოვნებით; ვარდისფერი მარილი ¼ ჩაის კოვზი. ავოკადო, ლაიმის ცედრა, ლაიმის წვენი, ნეკერჩხლის ან ტოპინამბურის (მიწავაშლა) სიროფი, ქოქოსის ზეთი, პიტნა და მარილი დააბლენდერეთ. მოათავსეთ ფორმებში და შემდეგ საყინულეში 1 საათი. ჯამში მოათავსეთ დაკეპილი ნუში ან შვრიის ფანტელები, ქოქოსის ფანტელები, ფინიკი (წინასწარ დაალბეთ ცივ წყალში და გააცალეთ კანი), ლაიმის ცედრა. დაამუშავეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გაყინულ მუსზე მოათავსეთ მომზადებული მასა და შეინახეთ საყინულეში 20-30 წუთი.
- ქალბატონო ნატა, „რეპორტიორის“ მკითხველის სახელით, მადლობას გიხდით ასეთი სასარგებლო რჩევებისთვის!