7 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საერთაშორისო ფოტოფესტივალ „ოდესა/ბათუმი ფოტოდღეები 2016" - ისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონალური პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი ანა რიაბოშენკო, ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი და ფესტივალის თანაორგანიზატორი მარიამ ბულაური.
ფესტივალი, რომელიც წელს მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში 10-14 სექტემბერს იმართება, ორ ქვეყანას ერთი პროექტის ფარგლებში გააერთიანებს. ბათუმის საგამოფენო სივრცეებში მოეწყობა გამოფენები, ფოტოჩვენებები, პრეზენტაციები და ჩატარდება მასტერკლასები. ფესტივალის მთავარი სტუმრები იქნებიან ცნობილი პოლონელი, პალესტინელი და სამხრეთ კორეელი ფოტოგრაფები ტომაშ ლაზარი, ალან შიბლი და კენგ ჯუკი. ისინი გამოფენების პარალელურად, დაინტერესებული პირებისთვის მასტერ-კლასებს მოაწყობენ. ფესტივალის ფარგლებში, წარდგენილი იქნება ირანული ფოტოგრაფია ღამის ჩვენების და ლექციის სახით, რომელსაც ცნობილი ირანელი ფოტოგრაფი ალი აკბარ შირჯიანი გამართავს. გარდა უცხოური სექციისა, ფესტივალის ფარგლებში გამოიფინება მე-19-20 საუკუნის ქართველი ფოტოგრაფის შალვა ალხანაიძის საოჯახო არქივი „მოგონებები შუშაში". ფესტივალის 2016 წლის გამაერთიანებელი თემაა „ტერიტორია/სივრცე", სწორედ ამ მთავარი გამოფენით გაიხსნება ფესტივალი 10 სექტემბერს თიბისი ბანკის გალერეაში.
„ოდესა/ბათუმი ფოტოდღეები" ახალგაზრდა ფესტივალია, მას საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. იგი ყოველწლიური ღონისძიებაა და ორივე ქვეყანაში იმართება - აპრილში ოდესაში, ხოლო სექტემბერში - ბათუმში.
ფესტივალის მთავარი პარტნიორებია „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე" და „არტ ტრაველი" ოდესიდან. ფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი, თიბისი ბანკი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, საზოგადეობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, ნეტგაზეთი, ბათუმელები, რადიო აჭარა, ინფობათუმი, კონოთეატრი აპოლო და სხვა.