„მწერალთა სახლი არის თავისუფალი ხელოვანების არაჩვეულებრივი სივრცე, სადაც ყოველთვის მთავარი იყო მწერალი, მისი სიტყვა, მისი აზრი, მისი იდეები და, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ასე იქნება. იმის წარმოდგენა, რომ ვიღაც იქ რაღაც ცენზურას დააწესებს, გამორიცხულია“, - ამის შესახებ ქეთი დუმბაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. მწერალთა სახლის მომავალი ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მწერალთა სახლში მთავარი იქნება ლიტერატურა და არა პოლიტიკა.
„მხოლოდ იმ თვისებების გამო გაჩნდა ეს ჩემი კანდიდატურა, რომ თავგადაკლული ვარ ლიტერატურაზე. ეს არის ჩემთვის უზენაესი ღირებულება - მწერალი და მისი შემოქმედება. მე ვიცი როგორც იქმნება და რა ძალისხმევა სჭირდება თითოეულ სიტყვას. მე ეს მინახავს ჩემი თვალით და ამაში გავიზარდე“, - აცხადებს დუმბაძე და დასძენს, რომ შეხვდება ყველას, ვისაც მასთან შეხვედრასა და თანამშრომლობა სურს.
ქეთი დუმბაძე მწერალთა სახლს 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს. ის ამ თანამდებობაზე ნატა ლომოურს ჩაანაცვლებს, რომელიც ამ თანამდებობას 12 წლის განმავლობაში, ანუ 3 ვადით იკავებდა.