ტელესკოპმა „ჯეიმს ვები“ კოსმოსში კითხვის ნიშანი დააფიქსირა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, NASA-ში განმარტავენ, რომ ტელესკოპი ახალგაზრდა ვარსკვლავებს Herbig-Haro 46/47 აკვირდებოდა, რომლებიც ჯერ ფორმირების სტადიაზე არიან. ვარსკვლავები დედამიწიდან 4170 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობენ. მათ ამსახველ ფოტოზე, მარჯვენა ქვედა კუთხეში კი კითხვის ნიშანი ჩანს.
მეცნიერებს ეს ობიექტი დეტალურად არ შეუსწავლიათ, ამიტომ დარწმუნებით ვერაფერს ამბობენ მის წარმოშობაზე, თუმცა ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს არ არის ვარსკვლავი.
მათი ვარაუდით, შესაძლოა ფოტო ორი სპირალური გალაქტიკის შერწყმას ასახავს, რომლებიც Herbig-Haro 46/47-ზე გაცილებით შორს არიან. ობიექტის წითელი ფერი სწორედ მის სიშორეზე მიუთითებს.