უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსი ოკუპანტები გასული დღე-ღამის განმავლობაში ცდილობდნენ აღედგინათ დაკარგული პოზიციები ბახმუტის, შახტიორის და ზაპოროჟიეს მიმართულებებით, თუმცა, შედეგს ვერ მიაღწიეს.
როგორც გენშტაბის ანგარიშშია აღნიშნული, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტის მთელ ხაზზე 24 შეტაკება მოხდა.
უკრაინული მხარის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგემ დათმობილი პოზიციების აღდგენა უშედეგოდ სცადა ანდრეევკას სამხრეთით და დონეცკის ოლქის დასახლება იაგოდნოეს დასავლეთით რაიონებში. ამისთვის, რუსებმა საავიაციო შეტევა მიიტანეს დონეცკის ოლქის კლეშიევკის დასახლებაზე.
„მტრის მცდელობა წარუმატებელი იყო შახტიორის და ზაპოროჟიეს მიმართულებებზეც.
ჩვენი დამცველები მტრის ძლიერი საჰაერო და საარტილერიო ცეცხლის ქვეშ აგრძელებენ რუსული ჯარების წინსვლის შეკავებას დონეცკის ოლქის ავდეევკას რაიონში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამას გარდა, როგორც გენშტაბში აცხადებენ, თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების შეტევის შეკავებას დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკას მიმართულებით.