რუსეთის საზღვაო ძალების ხომალდმა შავ ზღვაში, შემოწმების მიზნით იძულებით გააჩერა პალაუს დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელსაც მშრალი ტვირთი გადაჰქონდა უკრაინაში, იზმაილის პორტისკენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, გემი შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მოსკოვის დროით 06:40 საათზე შენიშნეს. კაპიტანმა კი მათ მოთხოვნას შეჩერებასთან დაკავშირებით არ უპასუხა. როგორც უწყებაში ამბობენ, სწორედ ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, იძულებით შეეჩერებინათ და შეემოწმებინათ გემი.
„გემის იძულებით გაჩერების მიზნით, რუსული სამხედრო ხომალდის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გამაფრთხილებელი გასროლა განხორციელდა“, - ამბობს რუსული მხარე.
მათივე თქმით, საპატრულო ხომალდ „ვასილი ბიკოვიდან“ სატვირთო გემის შესამოწმებლად რუსი სამხედროების ჯგუფი გადაიყვანეს Ka-29-ს ტიპის ვერტმფრენით.
უწყების განცხადებით, შემოწმების შემდეგ გემის ეკიპაჟმა დანიშნულების ადგილისკენ სვლა გააგრძელა.
„რადიო კომუნიკაციის შედეგად, გემმა სახელად „სუკრა ოკანი“ შეაჩერა სვლა, რომ გემზე ინსპექტირების ჯგუფი დაეშვა, შემოწმების შემდეგ კი მათ იზმაილის პორტისკენ სვლა განაგრძეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ შავი ზღვის ფლოტის გემები ტერიტორიაზე პატრულირებას აგრძელებენ.