„ვახტანგ გომელაური არის ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრი, რომელმაც ეს დაამტკიცა სხვადასხვა ტიპის ვითარებაში, სხვადასხვა დროს, არაერთგზის. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაციები“, - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ მოსალოდნელია თუ არა შს მინისტრის გადადგომა.
ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შოვში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილიზება სწორედ გომელაურის დამსახურებაა.
„ამ შემთხვევაშიც, იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო სრულად მობილიზებული, მათ შორის სამაშველო სამსახური იყო სრულად მობილიზებული, რაც პირველ რიგში, უშუალო ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის დამსახურება არის. აქედან გამომდინარე, ასეთ რაღაცებზე საუბარი არის სრულიად უადგილო“, - განაცხადა კობახიძემ.