თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ემსახურება.
ამის შესახებ მან 31 წლის წინ, აფხაზეთის ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
„ძალიან მძიმე დღეა საქართველოს ისტორიაში, როდესაც დაიწყო ომი და დავკარგეთ ტერიტორიები; გვყავს უამრავი გარდაცვლილი ადამიანი - მშვიდობიანი მოსახლეობა და ჯარისკაცები; მივიღეთ ლტოლვილად ქცეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ერთი რამ მინდა ვთქვა: ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას, „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ აქვს აღებული, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთმანეთი დავიბრუნოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება ქვეყნის განვითარებით, გონიერებითა და ეკონომიკური წინსვლით უნდა მოხდეს.
„დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ კონსტიტუციაში პირველი, რაც გვიწერია, სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ეს ყველაფერი კი უნდა გავაკეთოთ არა ომით და შუღლით, არამედ განვითარებით, გონიერებით, განათლებით, ეკონომიკური წინსვლით. ვფიქრობ, შევძლებთ, რომ დავიბრუნოთ ერთმანეთი“, - განაცხადა თბილისის მერმა.