ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გრძელდება ინფრასტრუქტურის განახლება და მოწესრიგება. ამჟამად, რეაბილიტაცია უტარდება ცხემლისხიდი - უჩხუბი - ვაკიჯვრის დამაკავშირებელ გზას - ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით ჯამში, 4 კილომეტრზე მეტი გზის საფარი მოეწყობა და პროექტის განხორციელებისთვის 2 599 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დასრულდება.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან გიორგი ღურჯუმელიძესთან და ნიკა ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო.
“განვაგრძობთ ინფრასტრუქტურის განახლებას ოზურგეთში. ვასრულებთ კიდევ ერთ პირობას, რომელიც საზოგადოებას მივეცით და ცხემლისხიდი - უჩხუბი - ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის სრულ რეაბილიტაციას ვაკეთებთ. პროექტის ფარგლებში, გზასთან ერთად, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები.
მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის,”- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.