წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის რესპუბლიკელ ლიდერს განზრახული აქვს, კონგრესში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამოძახება, რათა მან მისცეს ჩვენება უცხოეთში თავისი შვილის - ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.
როგორც Time-ს წერს, ეს ნაბიჯი გამოიწვევს ბრძოლას კონგრესსა და თეთრ სახლს შორის, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბაიდენი საბოლოოდ იძულებული იქნება, გამოცხადდეს კონგრესში.
გამოცემის ცნობით, მოქმედ პრეზიდენტებს ძალიან იშვიათად უწევთ კონგრესის კომიტეტების წინაშე ჩვენების მიცემა და აქამდე არცერთი მოქმედი პრეზიდენტი არ ყოფილა იძულებული, პასუხი გაეცა კითხვებისთვის უშუალოდ კონგრესის წინაშე.
მხოლოდ სამმა მოქმედმა პრეზიდენტმა მისცა ჩვენება კონგრესის კომიტეტებში: აბრაამ ლინკოლნმა 1862 წელს, ვუდრო უილსონმა 1919 წელს და ჯერალდ ფორდმა 1974 წელს - სამივემ ნებაყოფლობით.
„მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა დატოვა თეთრი სახლი, 6 იანვრის მოვლენებზე მომუშავე კომიტეტმა ოფიციალურად გამოიძახა ყოფილი პრეზიდენტი 2020 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ მისი შედეგების გაუქმებისკენ მიმართულ მოქმედებებში საკუთარი როლის აღსაწერად. ტრამპმა ამაზე უარი განაცხადა და კომიტეტმაც ვერ მიიღო მისი ჩვენება“, -წერს Time.
Fox Business-ის ჟურნალისტთან - მარია ბარტირომოსთან ინტერვიუში, წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯეიმს კომერმა განაცხადა, რომ განზრახული აქვს, კომიტეტში ჩვენების მისაცემად გამოიძახოს როგორც ჰანტერ ბაიდენი, ისეve ჯო ბაიდენი.
კომერის გამოძიების ცენტრშია ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში, ჰანტერ ბაიდენის მიერ უკრაინული და ჩინური ბიზნესებიდან მიღებული თანხები. კომერის გამოძიებამ ვერ დაადგინა ჯო ბაიდენის მიერ ჰანტერ ბაიდენის ბიზნესიდან თანხების მიღების თუ შვილის გავლენით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ვერცერთი ფაქტი.
„ახლახან კონგრესის კომიტეტმა მოისმინა ჰანტერ ბაიდენის დიდი ხნის ბიზნესპარტნიორის, დევონ არჩერის ჩვენება, რომლის თანახმად ჰანტერ ბაიდენის საქმიან პარტნიორებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს, ჰანტერს მასზე უშუალო წვდომა ჰქონდა.
ჯო ბაიდენი ხშირად ურეკავდა ჰანტერს საქმიანი შეხვედრების დროს და ისიც მამის ზარს ხმამაღალ რეჟიმში რთავდა. არჩერის თანხმად, ამ სატელეფონო საუბრებში ჯო ბაიდენი ზოგად თემებზე ლაპარაკობდა და არ უღრმავდებოდა ბიზნესის საკითხებს.
მართალია, ამ საუბრებით ჰანტერ ბაიდენს ჰქონდა შესაძლებლობა, ეჩვენებინა, თუ რამდენად ახლოს იყო იგი მამასთან, ასევე შეექმნა შთაბეჭდილება, რომ მას მამაზე გავლენა ჰქონდა, მაგრამ, არჩერის თანხმად, ამ სატელეფონო ზარების დროს ჯო ბაიდენს არასდროს განუხილავს ბიზნესის საკითხები“, - აღნიშნულია სტატიაში.
არსებობს უპასუხო კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ჩახედული იყო ბაიდენი თავისი შვილის ბიზნესსაქმიანობაში ვიცე-პრეზიდენტობს პერიოდში. 2020 წლის საპრეზიდენტო დებატების ფარგლებში ბაიდენს დაუსვეს შეკითხვა, თუ რამდენად მისაღები და ეთიკური იყო მისი შვილის მიერ ჩინეთში, ასევე უკრაინული ენერგოკომპანიის სახელით წარმოებული საქმიანობა.
„არაეთიკური ამაში არაფერია, - უპასუხა ბაიდენმა, - ჩემს შვილს არ აუღია ფული იმ საქმიანობაში, თქვენ რომ ახლა ახსენეთ, ანუ ჩინეთში“.
„ეს კი ტყუილია: სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და მთავრობის საკითხთა კომიტეტმა, რომელსაც იმ დროს რესპუბლიკელები ხელმძღვანელობდნენ, 2020 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად ჩინურმა ბიზნესებმა მართლაც გადაუხადეს ჰანტერ ბაიდენს ანაზღაურება“, - წერს Time.
რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებული წარმომადგენელთა პალატა არ არის ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ აღმოჩნდა ჰანტერ ბაიდენი ყურადღების ცენტრში. პრეზიდენტის შვილი იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიების სამიზნეცაა. ივლისში ვერ შედგა მისი საპროცესო გარიგება მას შემდეგ, რაც დელავერის შტატის პროკურორმა დევიდ ვაისმა ვერ მიაღწია შეთანხმებას ჰანტერ ბაიდენის ადვოკატებთან გადასახადებისგან თავის არიდების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებებთან დაკავშირებით.
პარასკევს გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა გააკეთა განცხადება ჰანტერ ბაიდენის გამოძიების ფარგლებში სპეციალურ პროკურორად ვაისის დანიშვნის შესახებ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვაისს განზრახული აქვს პრეზიდენტის შვილის საქმის გამოძიების გაგრძელება.
„ყოველივე ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჰანტერ ბაიდენი მომავალშიც მოექცევა ყურადღების ცენტრში და იქნება თავის ტკივილის წყარო ბაიდენის თეთრი სახლისა და საარჩევნო კამპანიისთვის“, - აღნიშნავს Time.
მიუხედავად ამისა, კონგრესის მიერ პრეზიდენტ ბაიდენის ოფიციალურად გამოძახება ჩვენების მისაცემად არ არის გარდაუვალი. „ჯერ 3-4 ბიზნესპარტნიორს უნდა გავესაუბროთ. რთულია საქმეა. ხომ გახსოვთ, როგორ ცდილობდნენ დემოკრატები დონალდ ტრამპის ჩვენების მიღებას“, - განუცხადა კომერმა Fox Business-ს.
თეთრი სახლის პრესსამსახურმა არ გასცა პასუხი კითხვაზე, დათანხმდება თუ არა ბაიდენი ჩვენების მიცემაზე კომერის კომიტეტის მხრიდან ოფიციალური გამოძახების შემთხვევაში. თავის განცხადებაში თეთრი სახლის პრესსპიკერმ. იან სემსმა კომერის გამოძიებას „წყლის ნაყვა“ უწოდა და დაამატა, რომ „ისინი უბრალოდ გააგრძელებენ სპეკულაციების და ტყუილის გავრცელებას და პრეზიდენტის წინააღმდეგ უსაფუძვლო იმპიჩმენტის მცდელობებს“.
გამოცემის ცნობით, ფორდი იყო ბოლო მოქმედი პრეზიდენტი, რომელმაც კონგრესში მისცა ჩვენება. 1974 წლის ოქტომბერში ის საკუთარი ნებით გამოცხადდა წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, რათა აეხსნა თავისი გადაწყვეტილება იმავე წლის სექტემბერში თავისი წინამორბედის - რიჩარდ ნიქსონის შეწყალებასთან დაკავშირებით.
შეწყალებამდე მოსალოდნელი იყო, რომ ნიქსონს წაუყენებდნენ სისხლის სამართლის ბრალდებებს მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლასა და ქრთამის აღებაში, რაც უკავშირდებოდა მისი წინასაარჩევნო შტაბის წევრების მხრიან უოტერგეიტის კომპლექსში დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის ოფისებში შეჭრის ფაქტის მიჩქმალვის მცდელობებს.
მოგვიანებით ფორდმა განაცხადა, რომ ნიქსონის მიერ შეწყალებაზე დათანხმების ფაქტმა აფიქრებინა მას, რომ ამით ყოფილი პრეზიდენტი აღიარებდა დანაშულს უოტერგეიტის ინციდენტის მიჩქმალვაში.
„უკვე ათწლეულებია, რაც მიმდინარეობს დებატები კონგრესის მხრიდან პრეზიდენტების საქმიანობის გამოძიების მასშტაბებთან დაკავშირებით. შედარებით ახლახან, როცა ტრამპი ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, დემოკრატები წარმომადგენელთა პალატიდან ცდილობდნენ Mazars USA-ის სახელით ცნობილი ფირმისგან ტრამპის გადასახადების შესახებ ინფორმაციის მიღებას ერთ-ერთი გამოძიების ფარგლებში, რომელიც ეხებოდა ტრამპის საქმიან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ურთიერთობას უცხო ქვეყნების მთავრობებთან და ინტერესთა კონფლიქტის შესაძლო ფაქტს.
ტრამპმა ხსენებულ ფირმას სასამართლოში უჩივლა, რათა აღეკვეთა ინფორმაციის მიწოდება. საბოლოოდ, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ Mazars USA ვალდებული იყო, მიეწოდებინა კონგრესისთვის მოთხოვნილი ინფორმაცია, თუკი კონგრესი დაამტკიცებდა, რომ ეს ინფორმაცია დაკავშირებული იყო კანონშემოქმედებასთან. 2022 წელს, ანუ მოთხოვნიდან წლების შემდეგ, პალატის დემოკრატმა წარმომადგენლებმა მიიღეს Mazars-ისგან ამ მასალების მხოლოდ ნაწილი.
თუ კომერი ოფიციალურად გამოიძახებს ბაიდენს ჩვენების მისაცემად, მის კომიტეტს ალბათ მოუწევს სასამართლოში იმის დამტკიცება, რომ მისი გამოძიება დაკავშირებულია კანონშემოქმედებასთან და არ ემსახურება მხოლოდ პოლიტიკური ქულების მოპოვებას“, - აღნიშნულია სტატიაში.
პრეზიდენტის ძალაუფლების საკითხების ექსპერტი და კოლუმბიის საერთაშორისო და საზოგადოებრივი ურთიერთობების სკოლის უფროსი მკვლევარი, ტიმოთი ნაფთალი აცხადებს, რომ ბაიდენი იძულებული იქნება, თვალი გაუსწოროს იმ ფაქტს, რომ ჩვენების მისაცემად ოფიციალურად გამოძახების შემთხვევაში, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებისთვის სასურველი სცენარი გულისხმობს ბაიდენის მხრიდან გამოცხადებაზე უარს, რაც მათ იმპიჩმენტისთვის აუცილებელ მტკიცებულებას მისცემს.
„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა გაითვალისწინოს, მდგომარეობს იმაში, რომ წარმომადგენელთა პალატა შეიძლება აგებდეს „იმპიჩმენტის ხაფანგს“, ანუ ცდილობდეს კონგრესის უპატივცემლობის ბრალდების სახით იმპიჩმენტისთვის აუცილებელი მტკიცებულების მოპოვებას“, - განაცხადა ნაფთალიმ.
მართალია წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელები ითხოვენ ბაიდენის იმპიჩმენტს ფინანსური დანაშაულის დაუსაბუთებელი ბრალდებების საფუძველზე, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკარტი ჯერჯერობით აკავებს ამ მხრივ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ მიმართულ ძალისხმევას. მიუხედავად ამისა, ივლისში მაკარტიმ ფარულად მიუთითა, რომ იგი ღიაა ასეთი შესაძლებლობისთვის, განაცხადა რა, რომ იმპიჩმენტთან დაკავშირებული გამოძიება წარმოადგენს „კონგრესის ძალაუფლების მწვერვალს“.
პრინსტონის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი ლორენ რაიტი აცხადებს, რომ ბაიდენისგან ჩვენების მიღების მცდელობებში წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელების წინაშე მდგარი ერთ-ერთი გამოწვევა შეიძლება მდგომარეობდეს ტრამპის მხრიდან 6 იანვრის მოვლენებზე მომუშავე კომიტეტის არაერთხელ უგულებელყოფის პრეცედენტში: „სახეზეა ძალიან სოლიდური პრეცედენტი ახლო წარსულიდან, როცა მეორე მხარე უშედეგოდ ცდილობდა იმავეს მიღწევას“.
რაიტის თანახმად, ჯამში რესპუბლიკელებმა ბაიდენის საქმის გამოძიებით შეიძლება ვერც კი მიიღონ რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური სარგებელი. საზოგადოებრივი აზრის კვლევები ცხადყოფს, რომ „ადამიანები არ თვლიან, რომ ამ გამოძიებებს გავლენა აქვს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე; შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან არჩევნებში მათი მხრიდან ხმის მიცემაზე იქონიოს რაიმე გავლენა“, - განაცხადა რაიტმა.