logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი: ეს იყო სამხედრო ტელეფონი... ჩართავდნენ და ხან ყურებზე ადებდნენ დენს, ხან ენაზე...
- +

6 სექტემბერი. 2016. 22:34



დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი თეა თუთბერიძის საქმიანობის შესახებ საუბრობს:



„ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ დაიწყო პირდაპირი ხელის შეშლა, უკვე ციხეებშიც ვერ შევდიოდი, ვეღარ ვამოწმებდი. პატიმრებთან ექსპერტიზის ჩატარების უფლება თეა თუთბერიძემ მიიღო. წამების ფაქტებზე ექსპერტიზის ჩატარება მის ხელში გადავიდა. ადრე მე შევდიოდი ციხეებში და ვატარებდი ექსპერტიზას, ძალიან დიდი სამუშაო მაქვს ამ მხრივ ჩატარებული, ძალიან ბევრი მასალა დამიგროვდა...

 

თვითონ ის აპარატიც კი ვნახე, რომლითაც პატიმრებს აწამებდნენ, ეს იყო სამხედრო ტელეფონი. ჩართავდნენ და ხან ყურებზე ადებდნენ დენს, ხან ენაზე, ხან კიდევ სასქესო ორგანოებზე. როცა უკვე ძალიან ბევრი გამოვლინდა ასეთი ფაქტები, შეუშვეს თუთბერიძის ჯგუფი, მათ მიეცათ მხოლოდ შესვლის უფლება, თუ რამე ფაქტები იყო, ისინი აკეთებდნენ ექსპერტიზას.

 

თუთბერიძეს ჰყავდა ვიღაც ექსპერტები, რომლებიც აყალბებდნენ დასკვნებს. მაგალითად, მე მქონდა ერთი საქმე... კეკუას ახლობელი იყო, მოვიდა ჩემთან და მითხრა, საქმეს კერავენ, ვითომ კეკუამ აწამა ვიღაც, ის ხელს ადებს, თუთბერიძის ჯგუფმა დაუწერა დასკვნა, ასე უნდათ კეკუას შეყვანა ციხეში, შენ ჩაატარე ექსპერტიზაო. მე ჩავატარე, რაიმე წამებაზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა. როგორც ვიცით, კეკუა მერე მაინც შეიყვანეს ციხეში და ყველაფერი როგორც დამთავრდა, ვიცით.

 

თუთბერიძე ფაქტობრივად ხელისუფლების ინტერესებს ანხორციელებდა. ასევე ანხორციელებდა სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელების ინტერესებს, რათა გარეთ არ გამოეჟონა წამების ფაქტებს. ეს დიდი დანაშაულია, აბა, რა არის? კანონიც თავიანთ ჭკუაზე შეცვალეს, ციხეში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ინსულინს იყენებდნენ, ან ისეთი ავადმყოფები, რომლებიც აუცილებლად უნდა გათავისუფლებულიყვნენ. მე თავის დროზე ვაკეთებდი ასეთ ექსპერტიზას, სასამართლოები იზიარებდნენ და ხალხს უშვებდნენ. ესეც აკრძალეს. მერე მოხდა ციხის ბუნტი, სადაც უკვე საშინელი დაზიანებები იყო... გვამსაც ჩავუტარე ექსპერტიზა, რომელსაც ტვინის შეშუპება და ცეროზი ეწერა, მაგრამ მე ავტომატით მიყენებული დაზიანებები ვნახე. უკვე გარეთ იყო ეს გარდაცვლილი ადამიანი და ამიტომ მომეცა საშუალება, მენახა. ერთი სიტყვით, თუთბერიძის შემოსვლის შემდეგ უკვე შეუძლებელი გახდა ციხეებში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება."- აღნიშნავს ნიკოლეიშვილი.

 

 

წყარო: expressinfo.ge

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner