logo_geo
eng_logo
პოდოლიაკი ნატოს წარმომადგენლის განცხადებაზე: უკრაინის ტერიტორიის ნატოს ქოლგაზე გაცვლა? სასაცილოა
- +

15 აგვისტო. 2023. 22:02

 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა მწვავედ გააკრიტიკა ნატოს წარმომადგენლის განცხადება, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ შეიძლება მოიპოვოს.

მანამდე ნატოს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანება შეიძლება მოიპოვოს რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ და ეს უკრაინაში ომის დასრულების ნაწილი შეიძლება იყოს.

„ტერიტორიის ნატოს ქოლგაზე გაცვლა? სასაცილოა. ეს ნიშნავს დემოკრატიის დამარცხების გააზრებულ არჩევას, გლობალური დანაშაულის წახალისებას, რუსეთის რეჟიმის შენარჩუნებას, საერთაშორისო სამართლის განადგურებასა და ომის სხვა თაობებისთვის გადაცემას“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, თუ პუტინი არ განიცდის გამანადგურებელ მარცხს, არ შეიცვლება პოლიტიკური რეჟიმი რუსეთში და არ დაისჯებიან ომის დამნაშავეები, ომი აუცილებლად დაბრუნდება რუსეთის უფრო დიდ მადასთან ერთად.

„პუტინის ტრიუმფი არ მოუტანს მშვიდობას მსოფლიოს, არამედ მოუტანს სირცხვილსა და ომს. ეს ეხება „ევროპის ახალი დაყოფის“ ნებისმიერ ფორმატს: მათ შორის ნატოს ქოლგის ქვეშ. მაშინ რატომ არის საჭირო რუსეთისთვის სასურველი გაყინვის სცენარის შემოთავაზება იარაღის მიწოდების დაჩქარების ნაცვლად? მკვლელები არ უნდა წაახალისონ შემზარავი ინდულგენციებით“, - დასძინა პოდოლიაკმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner