უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ საერთოდ გაუგებარია, რატომ გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ შეიძლება მოიპოვოს.
მანამდე ნატოს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანება შეიძლება მოიპოვოს რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ და ეს უკრაინაში ომის დასრულების ნაწილი შეიძლება იყოს.
"მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, არცერთ ქვეყანას არ გამოუცდია ასეთი სიტუაცია. რა თქმა უნდა, შეიძლება რჩევების მიცემა. დღეს კიდევ ერთმა მოღვაწემ გააკეთა განცხადება ჩვენს მიწებთან დაკავშირებით. ჩემთვის საკმაოდ უცნაური განცხადებაა. ვგულისხმობ ნატოს ერთ-ერთი კლერკის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ ჩვენი ტერიტორიების დათმობის საკითხი უნდა განვიხილოთ. ასეთი უცნაური შემოგდება. სრულიად გაუგებარია რატომ ეს გაკეთდა", - აღნიშნა უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა.