„კულტურის სფეროს წარმომადგენლები ქეთევან დუმბაძეს წარმატებას ვუსურვებთ ქეთევან დუმბაძე ლიტერატორებისა და მწერლების დიდი ოჯახის წევრია.
სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული, მონდომებითა და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მინდობილ საქმეს მთარგმნელობით კოლეგიასა თუ სატელევიზიო ჟურნალისტიკის სფეროში. როგორც ავტორი და პროდიუსერი, ურთულეს წლებში, დიდი რისკის ფასად ამზადებდა აქტუალურ და პრინციპულად მნიშვნელოვან გადაცემებს, რომლითაც ავტორიტარულ რეჟიმს უპირისპირდებოდა.
ქეთევან დუმბაძე მუშაობდა კულტურის სამინისტროში, ლიტერატურული სფეროს მრჩევლად და არაერთი სასიკეთო საქმე გააკეთა თანამედროვე ლიტერატურის, წიგნისა და ავტორთა პოპულარიზაციისთვის. პროექტით „ცოცხალი წიგნები“, უკვე აღიარებულ თუ ახალბედა ავტორებთან ერთად, მან საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი მოიარა. თანამედროვე ავტორები უკვე მერვე წელია ხვდებიან საზოგადოებას, მკითხველებს, ახალგაზრდებს საქართველოს ყველა კუთხეში, უნივერსიტეტებში, სახლ-მუზეუმებში, სკოლებში. ამავე პროექტის წიაღში შეიქმნა „მწერლის თეატრიც“, რომელიც თავდაპირველად მარჯანიშვილის თეატრში იმართებოდა, ახლა კი თუმანიშვილის თეატრში იმართება.
ამავე პროექტით ქართველი ავტორები მონაწილეობენ ლიტერატურულ ფესტივალებში იტალიაში, გერმანიაში, შვედეთში, ისრაელში, თურქეთში, ხვდებიან ქართულ სათვისტომოებს, საკვირაო სკოლებს, მონაწილეობენ მთარგმნელობით ვორკშოპებში. ქართველი ავტორების არაერთი კრებული გამოიცა უცხოეთში, რომელთა თარგმანის ხელშეწყობაც სწორედ „ცოცხალი წიგნების“ მეშვეობით ხორციელდება.
ქეთევან დუმბაძის ინიციატივით შეიქმნა 120-ზე მეტი თანამედროვე ქართველი მწერლის ვიდეოპორტრეტი და უნიკალური ვიდეოფონდი. ასევე შეიქმნა დოკუმენტური ფილმი ჭაბუა ამირეჯიბზე, მწერლის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად.სახელმწიფო ლიტერატურული კონკურსები („ლიტერა“, იაკობ გოგებაშვილის სახელობის კონკურსი საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის დარგში, „მუზა“) მისი უშუალო ინიციატივით ან აქტიური მონაწილეობით დაფუძნდა. და, რაც ხაზგასმით აღსანიშნავია: ნებისმიერ პროექტში, კონკურსში, ფესტივალსა თუ შეხვედრაში მონაწილეობისთვის, ქეთევან დუმბაძეს არასოდეს შეურჩევია ხელოვანები მათი პოლიტიკური შეხედულებების გათვალისწინებით. ზემოთქმული მხოლოდ ნაწილობრივი აღნუსხვაა იმ საქმეებისა, რაც ქართული მწერლობის წინსვლისთვის ქეთევან დუმბაძეს დღემდე გაუკეთებია.
საყოველთაოდ ცნობილია ქეთევან დუმბაძის საუკეთესო პიროვნული თვისებები - სიკეთე, გულისხმიერება, ურთიერთობის იშვიათი უნარი... სხვადასხვა თაობის უამრავ ქართველ მწერალს პირადად უგრძნია მისი გამორჩეული ყურადღება და გულისხმიერება. ვულოცავთ ქეთევან დუმბაძეს მწერალთა სახლის ხელმძღვანელად დანიშვნას და ვუსურვებთ წარმატებას ქართული კულტურის სასიკეთოდ“, - ნათქვამია განცხადებაში.