საქართველოს ეროვნული გმირის, კაპრალ ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 19 წელი გავიდა. ეროვნული გმირი მისმა თანამებრძოლებმა და ოჯახის წევრებმა მშობლიურ ქალაქ ოზურგეთში გაიხსენეს. თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების სამხედროებმა გმირი მებრძოლის საფლავი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
ზაზა დამენია საქართველოს თავდაცვის ძალებში 1992 წლიდან მსახურობდა. 2004 წლის 16 აგვისტოს ზაზა დამენიამ, საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა. კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და თანამებრძოლები გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.