„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია და აღდგენა მოხდება“, - ამის შესახებ ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, შესაბამისი სამუშაოების დასაწყებად ტენდერი უკვე გამოცხადდა და დაახლოებით 2 500 000 ლარი დაიხარჯება.
„ოზურგეთისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ - როგორც საზოგადოებას დავპირდით, სოფელ შრომაში კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია და აღდგენა მოხდება. ტენდერი შესაბამისი სამუშაოების დასაწყებად, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს ძეგლის ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი, რისთვისაც დაახლოებით 2 500 000 ლარი დაიხარჯება. ოზურგეთის სახელით, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მინისტრ თეა წულუკიანს და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ამ ისტორიული პროექტისთვის - 2021 წლის ოქტომბერში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ვიზიტისას, სწორედ მან გააკეთა საჯარო განცხადება, რომ სოფელ შრომის კულტურის სახლის აღდგენა მოხდებოდა.
ეს ისტორიული შენობა 1953-1956 წლებშია აშენებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. იგი საქართველოში კულტურის სახლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია და უკვე წლებია საჭიროებდა აღდგენას და განახლებას“,- აღნიშნავს ოზურგეთის მერი.