logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
- +

17 აგვისტო. 2023. 15:39

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

 

პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრა გამართეს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში.

 

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ისრაელის სახელმწიფოსთან არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა.

 

მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დინამიკაში ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები იზრდება, მომავალი წლიდან კი - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება, რაც ქვეყნებს შორის პარტნიორობას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

 

შეხვედრაზე, ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში, ახალი მიდგომების და სამომავლო თანამშრომლობის ახალი სფეროების განსაზღვრის პერსპექტივებზე იმსჯელეს.  განიხილეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა.

 

განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველოში მიიწვია.

 

პირისპირ ფორმატში შეხვედრის დროს ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელსა და საქართველოს ძალიან თბილი ურთიერთობები გააჩნიათ.

 

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოხარული ვარ გიმასპინძლოთ. ისრაელსა და საქართველოს ძალიან თბილი ურთიერთობები გააჩნიათ. ჩვენს ერებს შორის კავშირი 2500 წლის წინ იღებს დასაბამს ან, შესაძლოა, 2600 წელსაც ითვლიდეს. საქართველოში ებრაული თემები ცხოვრობდნენ. ბევრი ებრაელი წამოვიდა ისრაელში საქართველოდან. ისინი ცოცხალ ხიდად იქცნენ ჩვენს ქვეყნებს შორის. მე თავად მქონდა შესაძლებლობა მენახა საქართველო. ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია ავწიოთ და მივესალმები ამ შესაძლებლობას თქვენი ვიზიტის განმავლობაში.

 

კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება ისრაელში! შემდეგ ჯერზე  თელავივსა და  იერუსალიმში გელოდებით! ჩვენთან ასე ამბობენ -   „შემდეგ ჯერზე იერუსალიმში ვიკრიბებით!“, -  განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ებრაული თემი ყოველთვის გრძნობდა მეგობრობას, სრულ მხარდაჭერასა და კომფორტს  ქართული საზოგადოების მხრიდან.

 

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობა ჩემი და დელეგაციის მიღებისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა აქ ყოფნა. ყოველთვის სიხარულით ჩამოვდივარ ისრაელში და როგორც თქვენ ბრძანეთ, განსაკუთრებული ურთიერთობა და მეგობრობა გვაკავშირებს ისრაელთან, ებრაელ ხალხთან.

 

ებრაული თემი ყოველთვის გრძნობდა მეგობრობას, სრულ მხარდაჭერასა და კომფორტს  ქართული საზოგადოების მხრიდან. ამიტომ, მიხარია აქ ყოფნა. დიდი მადლობა!“, -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner