№11 პენიტენციურ დაწესებულებაში არასრულწლოვან მსჯავრდებულთათვის ახალი სპორტული სივრცე მოეწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სპორტული სივრცე აღჭურვილია ტრენაჟორებით, სარბენი ბილიკებით, ტენისის მაგიდით, სხვადასხვა უახლესი სავარჯიშო ინვენტარით, რაც მსჯავრდებულებს საშუალებას აძლევს, დაკავდნენ მათთვის სასურველი სპორტული აქტივობებით.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია არასრულწლოვან მსჯავრდებულებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, მათი ჩართვა სპორტულ აქტივობებში. ამ მიზნით დაწესებულებებში ხშირად ტარდება სპორტული ფესტივალები, რომლებშიც სულ უფრო მეტი მსჯავრდებული მონაწილეობს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს მსჯავრდებულთა და თანამშრომელთა უზრუნველყოფას ყველა საჭირო უახლესი სპორტული ინვენტარით და ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.