ფილმი "ჰეროკრატია" ქართული საზოგადოების ყველაზე სამარცხვინო ეპოქას ასახავს, - განაცხადა რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.
„ეს ნამდვილად სამარცხვინო ეპოქა იყო ცივილიზებული საზოგადოებისთვის, რომელსაც რამდენიმე ათასწლოვანი ისტორია გააჩნია და, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს. ეს იყო პერიოდი, როცა ადამიანური სახე აბსოლუტურად იყო დაკარგული. ქართული საპატიმროებიდან გამოდიოდა ხალხი, გამოდიოდა ხმები, კვნესა, ტკივილი და ჩვენ ამაზე თვალს ვხუჭავდით", - განაცხადა ხაინდრავამ.
მისი თქმით, ფილმის გადაღების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
"ფილმის გადაღების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და პროექტი GDS-მა განახორციელა, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. რატომღაც, ამ ფილმზე საუბარი სულ პოლიტიკურ კონტექსტში მიდის. არადა, ეს ქართულ კინემატოგრაფში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია. ამ მასშტაბმა ქართული კინო სრულიად სხვა საფეხურზე აიყვანა, რადგან პროექტში ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს,"- განაცხადა რეჟისორმა.
როგორც მან აღნიშნა, ფილმში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს,, რომელზეც პრეზიდენტიდან დაწყებული, ციხის უფროსებით დამთავრებული, ყველაა წარმოდგენილი.
"ეს მოგონილია, რადგან ასეთი პროცესი საქართველოში არ შემდგარა. სააკაშვილს და ნაცმოძრაობას დავპირდი, რომ ნიურნბერგის პროცესს მოწვუწყობდი და მოვუწყვე კიდეც იმ ფორმით, რაც ხელმეწიფება. მე არც მოსამართლე ვარ და არც პროკურორი. მე რეჟისორი ვარ და ფილმი გადავიღე. იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ფილმი არ უნდა გადაგვეღო, შეუძლიათ ფილმი არ ნახონ. ფაშიზმზე უამრავი ფილმი შეიქმნა. ძნელად წარმოსადგენია, იპოვო ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ მაგალითად, "შინდლერის სია" არ უნდა გადაღებულიყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰოლოკოსტზე გამუდმებით არის საუბარი, რაც სწორია", - განაცხადა ხაინდრავამ.
მისი თქმით, საზოგადოებამ ფილმი "ჰეროკრატია" აუცილებლად უნდა ნახოს.
"თუ არ გავიაზრეთ ის სირცხვილი და დაცემა, რაც გავიარეთ, თუ ტკივილი არ გავიაზრეთ, არ მგონია, ამ ქვეყანას კარგი მომავალი ჰქონდეს. საზოგადოებამ ფილმი აუცილებლად უნდა ნახოს, როგორც ეს გერმანელებმა გააკეთეს, რომლებმაც სოფელ-სოფელ იარეს და ყველას აჩვენეს, რა ხდებოდა ოსვენციმში. ჩემი ამოცანა სწორედ ესაა, რომ საზოგადოება ამ ყველაფერზე დაფიქრდეს", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.