logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ეკა ბესელიამ ფოთის პოლიციის უფროსად დანიშნა საკუთარი ბიძა. ფოთელებმა მას „ყულაბა“ შეარქვეს და მაინც, ნეტავ რატომ დაარქვა ხალხმა ალანიას „ყულაბა“?
- +

18 აგვისტო. 2023. 13:38

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას მიერ „მთავარი არხის“ ეთერში ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით მოყოლილ „ისტორიას“ ეხმაურება.

 

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ეკა ბესელიას მონათხრობი, თითქოს მას ოდესმე ირაკლი კობახიძემ ბოდიში მოუხადა, აშკარა ტყუილია, მაგრამ თავად ეკა ბესელიაზე ბევრი აქვთ მოსაყოლი ფოთელებს, თან, არცთუ კარგ კონტექსტში.

 

„გუშინ „ბოდიშის“ ფენომენის ფსიქოანალიტიკური გარჩევა გააგრძელა „გლავკანალმაც“, სადაც მოწვეული ჰყავდა „კანონიკური ბოდიშების“ დარგის სპეციალისტი ეკა ბესელია. მან „მოწმეთა ბაზის“ მოშველიებით ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებული ერთი ბოდიშის „ისტორია“ მოყვა, რომლის ძირითადი არსი კობახიძის პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადიოდა. ზოგადად, უტყუარი ინდიკატორია ეს პირადი შეურაცხყოფა, „დედის გინება“ და ა.შ. - როდესაც ოპონირებისთვის არანაირი ფაქტოლოგიური ბაგაჟი აღარ გაგაჩნია და მორალურ ფსკერზე ხოხვით, შენთვის ჩვეული მდაბიო ბრბოს დონიდან, ცდილობ ინტელექტუალურად მიუღწევად მოწინააღმდეგეს სიტყვიერი „ტკივილი“ მაინც მიაყენო.

 

მაგრამ, ამ „ხელოვნებასაც“: 1) ცოდნა უნდა და 2) საკუთარი მორალურ-ეთიკური ჯავშანი. „გლავკანალის“ გუშინდელ „ექსპერტს“ ორივე კატეგორიაში აშკარა გარღვევა ჰქონდა და რატომ დააბიჯა ასეთი სუიციდური სიამოვნებით „ნაღმს“ - გაუგებარია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნებაყოფლობით. როგორც ჩანს, ამ ჯერზეც „ცენტრიდან“ მოსული დავალების ფარგლებში. მაგრამ, „ცენტრს“ რომ სცოდნოდა - რა მრავალფეროვანი ისტორიების მოყოლა შეუძლია ფოთსა და სრულიად საქართველოს თავად ბესელიაზე, „ბოდიშოლოგების“ რიგებში ალბათ სულ სხვა სპიკერს შეარჩევდა.

 

დღემდე აინტერესებს ფოთსა და ფოთელებს, რა ტიპის „კანონიკური“ ბოდიშებით შემოიფარგლა ბესელია 2015 წელს, როდესაც ქალაქ ფოთის პროკურორ ჯიმი გოგუაძეს მოუვიდა კონფლიქტი ბესელიას ვაჟიშვილთან ფოთის ერთ-ერთ რესტორანში ოფიციალურ ღონისძიებაზე, რომელსაც ასევე ჰყავდა სოლიდური „მოწმეთა ბაზა“, რასაც ესწრებოდა იმდროინდელი ფოთის „მართველი ელიტა“ და ბესელიასთან დაახლოებული პირები. სწორედ მათი ჩარევის შედეგად განიმუხტა სიტუაცია რესტორანში და ბესელიას ვაჟიშვილი გაარიდეს ტერიტორიას - მართალია, უცნობია, ბოდიშის მოხდით თუ მის გარეშე.

 

როგორც ჩანს, უფრო მის გარეშე, ვინაიდან სუფრის დასრულების შემდეგ, სახლში მისულ გოგუაძეს მიუვარდა ბესელიას ვაჟი და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ გასროლით დააზიანა გოგუაძის სამსახურებრივი ავტომანქანა, რომელიც გაჩერებული იყო საცხოვრებელი სახლის ეზოში. ეს ისტორია მთელმა ფოთმა იცის, ის „მოგვარდა“ მხოლოდ ეკა ბესელიას ჩარევის შედეგად. აი, აქ კი ალბათ, ბოდიშსაც ჰქონდა ადგილი და არა მხოლოდ მას. ამიტომ, როდესაც სხვის „არასწორ“ ბოდიშზე გვიკითხავთ ლექციებს, ისიც დაამატეთ ხოლმე - „სწორი“ ბოდიში როგორია. აი, ისეთი „ბოდიში“, საკუთარი ოჯახის წევრს - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას რომ აარიდებს.

 

ასევე, მთელმა ფოთმა იცის, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეკა ბესელიამ ფოთის პოლიციის უფროსად დანიშნა საკუთარი ბიძა ზურაბ ალანია. მკითხველს, „ბოდიშის“ მოხდით, ალბათ დააინტერესებს, რა დამსახურებების გამო შეარქვეს ფოთელებმა ალანიას მეტსახელად „ყულაბა“. ფოთელები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ თითქოს ბიძის დახმარებით სძალავდა ბესელია პატიმრებს ფულს, მათთვის „პოლიტპატიმრის“ სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ. რას არ მოიგონებს „ბოროტი“ ხალხი! ასევე, დღემდე დადის ფოთში ამბები, როგორი ტიპის მფარველობას უწევდა ბესელია ფოთელ ბიზნესმენებს (ეს იქნებოდა ხახუბიას თევზის ქარხანა თუ წიწილაშვილის ტერმინალები).

 

მოკლედ, რას არ „შეთხზავენ“, თანაც - ყოველგვარი „კანონიკური“ ბოდიშის მოხდის გარეშე. თუმცა, მაინც პასუხგაუცემელი რჩება კითხვა - რატომ დაარქვა ხალხმა ალანიას „ყულაბა“? ხალხი ხომ ბრძენია? თუ არა? ამას ბოდიშის მოხდით ვკითხულობ. ან რატომ გაათავისუფლეს ალანია 2015 წელს დაკავებული თანამდებობიდან ისე, რომ ვერც ბესელიამ ვერაფრით ვერ უშველა საყვარელ ბიძას. ამ სტატუსში მოყვანილი ფაქტები მე ფოთელებისგან ვიცი და ჩემდაწილად, ერთ „არაკანონიკურ“ ბოდიშს მეც მოვიხდი, თუკი ხალხი ამ ყველაფერს ქალბატონ ბესელიას „უგონებს“... - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner