„უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების გამო დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებული მასშტაბური სანქციების გამო, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები ამ ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას ვარაუდობდნენ, თუმცა განვლილმა პერიოდმა და ოფიციალურმა სტატისტიკამ ეს მოლოდინი არ დაადასტურა“, - ამის შესახებ ექსპერტი სოსო არჩვაძე წერს, რითაც ეხმიანება მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო მონაცემებს მსოფლიოს სახელმწიფოების ეკონომიკების მიმდინარე მდგომარეობასა და პერსპექტივების შესახებ.
როგორც სოსო არჩვაძე აღნიშნავს, მიუხედავად საომარი მოქმედებისა და დაწესებული სანქციებისა, რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს წინა წელთან შედარებით მხოლოდ 2.1 %-ით შემცირდა
„მსოფლიო ბანკი პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას მსოფლიოს სახელმწიფოების ეკონომიკების მიმდინარე მდგომარეობასა და პერსპექტივების შესახებ. მისი ბოლოდროინდელი შეფასებებით, მსოფლიო ეკონომიკა უახლოეს წლებში საკმაოდ მოკრძალებული ტემპებით გაიზრდება. კერძოდ, ამ ორგანიზაციის შეფასებით, გლობალური ეკონომიკა 2023 წელს გაიზრდება მხოლოდ 2.1 პროცენტით, 2024 წელს - 2.4 პროცენტით, ხოლო 2025 წელს - 3.0 პროცენტით. ამასთან, განვითარებულ ქვეყნებს აღნიშნული მაჩვენებლები (აშშ, ევროზონა, იაპონია) კიდევ უფრო მოკრძალებული ექნებათ - შესაბამისად, 0.7%, 1.2% და 2.2%. ჩინეთის ეკონომიკაც კი, რომელმაც ბოლო ათწლეულებში მსოფლიოს ზრდის მაღალი ტემპებით აოცებდა, უახლოესი წლების მანძილზე ზრდის კლებადი ტემპებით იქნება „გამორჩეული“ ( 2023 წ. – 5.6%, 2024 წ. – 4.6%, 2025 წ. – 4.4%).
აღნიშნული ასპექტით საინტერესოა რუსეთის ეკონომიკის ზრდა, რომელიც წინა წლებშიც (განსაკუთრებით 20214 წლიდან) ისედაც არ გამოირჩეოდა ზრდის მაღალი ტემპებით. - ამ ხნის განმავლობაში მას მხოლოდ ერთი წელს (2021 წ.) ჰქონდა ეკონომიკის ზრდის 3 პროცენტზე უფრო მაღალი მაჩვენებელი. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების გამო დასავლეთის ქვეყნების მიერ მისთვის დაწესებული მასშტაბური სანქციების გამო წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები ვარაუდობდნენ ამ ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას, თუმცა განვლილმა პერიოდმა და ოფიციალურმა სტატისტიკამ ეს მოლოდინი არ დაადასტურა. - მიუხედავად საომარი მოქმედებისა და დაწესებული სანქციებისა, რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს წინა წელთან შედარებით შემცირდა მხოლოდ 2.1 პროცენტით. შედარებისათვის: დასავლეთის მიერ სამხედრო-პოლიტიკურად და ეკონომიკურად ყოველმხრივ მხარდაჭერილ უკრაინაში ეროვნული პროდუქტი 2022 წელს შემცირდა 29.1 პროცენტით (სავალუტო ფონდის შეფასებით, კიდევ უფრო მეტად - 30.3 პროცენტით), 2023 წელს კი მოსალოდნელია 2022 წელთან შედარებით 1.2-პროცენტიანი ზრდა, ანუ რუსეთის ფედერაციას და აშშ-ს 2024 წელს, მსოფლიო ბანკის ბოლოდროინდელი პროგნოზით, ზრდის ერთნაირი, თანაბარი ტემპები (1.2%-1.2%) ექნებათ. კიდევ უფრო დაბალი ტემპია მოსალოდნელი იაპონიაში, სადაც ეკონომიკა 2024 წელს მხოლოდ 0.7 პროცენტით გაიზრდება. თუ სამწლიან პერიოდს ავიღებთ (2025 წ. 2022 წ.-თან), ამ ხნის განმავლობაში აშშ ეკონომიკა გაიზრდება 4.3 პროცენტით, ევროზონა - 4.0 პროცენტით, იაპონია - 2.1 პროცენტით, რუსეთის ფედერაცია - 1.8 პროცენტით.
მიუხედევად მცირეოდენი სხვაობისა, ეს არ არის ის მასშტაბი, რასაც დასავლეთი ვარაუდობდა რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლაზე გათვლილი სანქციების დაწესებისას.
აქედან ორი მნიშვნელოვანი დასკვნა:
პირველი, ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით რესურსებით მდიდარ სახელმწიფოს (ისეთს, როგორიც რუსეთია), გააჩნია შიდა მობილიზაციისა და განვითარების საკმაოდ დიდი კუმულატიური მუხტი, რომლის სრულმასშტაბიანი გამოყენება ხდება (იწყება) კრიზისულ პერიოდში, და მეორე - გლობალური ეკონომიკისა და ფაქტობრივად, მრავალპოლუსობის პირობებში, არსებობს შესაძლებლობა, ქვეყნამა მოკლე ვადებში გადააწყოს საკუთარი ეკონომიკაც და გარე ეკონომიკური კავშირებიც მისთვის დაწესებული სანქციებისა და ფაქტობრივად, ეკონომიკური ომების პირობებში“, - წერს სოსო არჩვაძე Facebook-ზე.