აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გამოცემა „ატლანტიკთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ პუტინის სამხედრო ქმედებები უკრაინასა და სირიაში რუსეთის შიდა სისუსტის შედეგია და არა სიძლიერის.
„ის სულელი არ არის. მას ესმის, რომ რუსეთის პოზიცია მსოფლიოში მნიშვნელოვნად დასუსტებულია. ის ფაქტი, რომ იგი ყირიმში შეიჭრა და ცდილობს ასადის დახმარებას, არ აქცევს მას ძლიერ მოთამაშედ. რეალური ძალა ნიშნავს იმას, როდესაც შეგიძლია მიიღო ის, რაც გინდა ძალადობის გარეშე", - განაცხადა ბარაქ ობამამ.
ობამას განცხადებით, ვლადიმირ პუტინთან საქმიანი შეხვედრები აქვს. ობამას თქმით, იგი შეხვედრების დროს თავაზიანი და ძალიან გულახდილია.
„იმის გამო, რომ უკრაინა არ არის NATO-ს წევრი, იგი რუსეთის მხრიდან სამხედრო დომინირების ობიექტი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას გააკეთებს დასავლეთი" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბარაქ ობამამ გამოცემა „ატლანტიკთან" ინტერვიუში მსოფლიო მნიშვნელობის სხვა თემებზე, მათ შორის სირიის საკითხსა და „ისლამური სახელმწიფოს" შესახებაც ისაუბრა.