იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების მთავარ მწვრთნელად ლუჩანო სპალეტის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა.
„იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მოხარულია გამოაცხადოს, რომ შეთანხმება მიღწეულია ლუჩიანო სპალეტთან, იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე“, - წერია იტალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
კონტრაქტის მიხედვით, 64 წლის ტოსკანელი სპეციალისტი თავის საქმიანობას 1-ლი სექტემბრიდან შეუდგება. სპალეტი გუნდის მწვრთნელი 2026 წლის მუნდიალის დასრულებამდე იქნება და ის წელიწადში 3.2 მილიონ ევროს მიიღებს.
სპალეტის ოფიციალური პრეზენტაცია კოვერჩიანოში გაიმართება. ახალ გუნდში მისი სამწვრთნელო დებიუტი 9 სექტემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან შედგება, ხოლო სამი დღის შემდეგ მისი გუნდი უკრაინას დაუპირისპირდება.
ლუჩანო სპალეტი ბოლო 2 წელი „ნაპოლიში“ მუშაობდა, რომლის შემადგენლობაშია ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია. სპალეტიმ ამ გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ, სკუდეტო მოაგებინა.