სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები სამძებრო სამუშაოებს მდინარეების – ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში და მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე ახორციელებენ.
„ძებნის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნული გვარდიის სამხედროებისგან, რეზერვისტებისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა გადანაწილებული. თითო ჯგუფი, ოთხკაციანი შემადგენლობით, 3-კილომეტრიან დისტანციაზე მდინარეების კალაპოტების მონიტორინგსა და ძებნის ოპერაციებს ახორციელებს.
სამაშველო სამუშაოებში ჩართულნი არიან, როგორც დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის, ასევე ეროვნული გვარდიისა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.