„2020 და 2021 წლების ცენტრალური და ადგილობრივი არჩევნების შედეგების „გაყალბების“ აგორებული კამპანიის გარშემო ქვეყანაში საბოტაჟისა და არეულობის პროცესების პროვოცირების მსგავსი მოვლენების მომავალში თავიდან აცილების მიზნით უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა აეკრძალოს არსებობა და წინასწარ უნდა აღმოიფხვრას იმის საშიშროება, რომ 2024 წლის არჩევნები გაყალბებულად შერაცხოს ამ პარტიამ.
„ფერისცვალებამ თუ „სინოპტიკური“ გარდატეხა მოგვიტანა და აშკარად ვიგრძენით ნანატრი სიგრილე. არ უნდა დაგვავიწყდეს დაანონსებული პოლიტიკური „ცხელი შემოდგომის“ მოახლოებაც, რომელსაც „ხალხის ძალა“ აპირებს ცივი წყალი გადაასხას ორი დაპირებული საშემოდგომო ინიციატივით: 1. კანონგარეშედ გამოცხადდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური პარტიის საქმიანობა ქვეყანაში და 2. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩვენი „ოპოზიციის“ საერთაშორისო ლობისტების მიერ სხვადასხვა მინიშნებებით, არჩევნების შედეგების წინმსწრებად ეჭვის ქვეშ დაყენების თავიდან აცილების მიზნით გატარდეს პრევენციული ხასიათის ზომები.
ამ უკანასკნელი ინიციატივის ფარგლებში 2020 და 2021 წლების ცენტრალური და ადგილობრივი არჩევნების შედეგების „გაყალბების“ აგორებული კამპანიის გარშემო ქვეყანაში საბოტაჟისა და არეულობის პროცესების პროვოცირების მსგავსი მოვლენების მომავალში თავიდან აცილების მიზნით უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე წინა წლებში საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ შეთქმულებისა და ქართველი ხალხის მოტყუების გამო. იმედი გვაქვს, პროკურატურა სერიოზულად დაინტერესდება ამ საკითხით, რასაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც მნიშვნელოვანი პრევენციული ეფექტი ექნება“, - წერს დავით ქართველიშვილი.