პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე გამოეხმაურა „რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ აუდიტის სამსახურისთვის მიმართვას, დაიწყოს მოკვლევა პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით.
„გაგახსენებთ, 2020 წლის არჩევნების წინ ჩვენი პარტიის ბრიფინგს, როდესაც ჩვენ გამოვავლინეთ ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებელი ან გამგეობის წევრია, ან იმ პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენელი, რომელთა უდიდესი ნაწილი დღეს რადიკალური ოპოზიციის ფარგლებში პარლამენტში დეპუტატია. 2021 წლის არჩევნების წინ მე თვითონ ჩავატარე ორი ბრიფინგი, სადაც ასევე გამოვავლინეთ ათობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ვითომდა სადამკვირვებლო მისიას ეწევიან და ამ დროს ისინი პირდაპირ კავშირში არიან პოლიტიკურ სუბიექტებთან, რადგან მათი გამგეობის წევრები და თავმჯდომარეები არიან ამ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები. ორგანიზაციის წევრებსა და გამგეობის წარმომადგენლებს გადარიცხული ჰქონდათ შემოწირულებები „ნაციონალური მოძრაობის,“ „ევროპული საქართველოს,“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ და სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან მიმართებაში, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ორგანიზაციები არიან არა არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ, რეალურად, ესენი არიან პარტიის ფილიალები “, - განაცხადა მიქანაძემ.