თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით, სამწუხაროდ, ტრანსპორტის პოლიტიკის კვალდაკვალ მისი დისკრედიტაციის მიზნით ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის - განსაკუთრებულად რუსული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების ევაკუაცია არ ხორციელდება.
მისივე თქმით, კანონის აღსრულება ხდება უკლებლივ ყველა სამართალდარღვევაზე, სახელმწიფო ნიშნების წარმომავლობის მიუხედავად.
„ვინც მიცნობს, მათთან ამის მტკიცება არ მჭირდება, თუმცა სააგენტოს სახელით სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კანონის აღსრულება ხდება უკლებლივ ყველა სამართალდარღვევაზე, მიუხედავად სახელმწიფო ნიშნების წარმომავლობისა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისოდ აღიარებული შეზღუდვებისა.
ვთხოვ მედიას და სოციალურ ქსელში არსებულ ჯგუფებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ინფორმაციის გავრცელების დროს თავიანთ მომხმარებლებს და თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან.
ეს ყველას ქალაქია!!!“ - წერს ვიქტორ წილოსანი Facebook-ზე.