logo_geo
eng_logo
სკოლებში ინგლისური ენის სწავლა-სწავლების გაძლიერების მიზნით „მშვიდობის კორპუსი (Peace Corps)“ საქართველოს ოფისთან მემორანდუმი გაფორმდა
- +

23 აგვისტო. 2023. 18:55

 


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და „მშვიდობის კორპუსი (Peace Corps)“ საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა და „მშვიდობის კორპუსი“ საქართველოს ოფისის დირექტორმა ჯეფრი გოვეიამ.

მემორანდუმის ძირითადი მიზანია საქართველოს რეგიონების სკოლებში ინგლისური ენის სწავლა-სწავლების პროცესის გაძლიერება და ხელშეწყობა.

შეთანხმების თანახმად, „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეები იმუშავებენ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და დაეხმარებიან ინგლისური ენის ადგილობრივ პედაგოგებს. მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოხალისეები ასევე ხელს შეუწყობენ პროფესიული კოლეჯების და რესურსცენტრების თანამშრომლებს, სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებასა და პროფესიული უნარების განვითარებაში.

მშვიდობის კორპუსთან საქართველო 2001 წლიდან თანამშრომლობს. ამ ხნის მანძილზე, უკვე 1000-მდე ინგლისური ენის მოხალისე პედაგოგი მსახურობდა საქართველოს საჯარო სკოლებში.

„მშვიდობის კორპუსი“ 1961 წელს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯონ კენედის მიერ მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის მხარდასაჭერად დაარსდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეები, ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, მუშაობენ სკოლებში, არაკომერციულ და არასამთავრობო ორგანიზაციებში, მეწარმეებთან, ახალგაზრდების განვითარების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ბიზნესის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროებში, მასპინძელი თემის განვითარების მიზნით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner