logo_geo
eng_logo
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
- +

24 აგვისტო. 2023. 20:41

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის და იაპონიასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნიკოლოზ სამხარაძის მეთაურობით იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, იუუმი ოშიკავასთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ურთიერთობებზე და მიმდინარე წელს მინისტრის მოადგილის საქართველოში ვიზიტის შედეგებზე.

მაისის თვეში ჩვენს ქვეყანაში იუუმი ოშიკავას ვიზიტის შემდეგ ხელი მოვაწერეთ რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, მათ შორის: ინვესტიციების დაცვის შესახებ, ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის შესახებ და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ, რაც საკმაოდ სოლიდურ ბაზას ქმნის საქართველოში იაპონური ინვესტიციების შემოსვლისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გააქტიურებული დინამიკა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საპარლამენტო დონეზე.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, საუბარი შეეხო ორივე ქვეყნისთვის მტკივნეულ თემას, რომელიც ეხება ტერიტორიული მთლიანობის საკითხს.

მინისტრის მოადგილემ გაგვაცნო მათი სამშვიდობო პოლიტიკის ნაბიჯები, რომელიც იაპონიამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში რუსეთთან მიმართებაში გადადგა. ჩვენ მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ანექსიის საფრთხეებზე. იუუმი ოშიკავამ კიდევ ერთხელ მყარად დაგვიდასტურა, რომ იაპონია არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერი და ასევე, მათი მხრიდან გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ წყნარი ოკეანის რეგიონში ჩვენს მიერ წარმოებული არაღიარების პოლიტიკა იყოს მაქსიმალურად წარმატებული“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და იაპონიასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საუბარი შეეხო ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საკითხს.

შევთანხმდით, რომ უფრო მეტი კოორდინაცია გვექნება ამ მიმართულებითაც და გამოითქვა სურვილი, რომ უახლოეს მომავალში შედგეს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძე.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გამართულ შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მგალობლიშვილი და ბექა ოდიშარია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner