საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთმა სავიზო რეჟიმი მიმდინარე წელს გააუქმოს.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძის განცხადებით, რუსეთთან უვიზო რეჟიმის შესახებ მოლაპარაკებები რაიმე დათმობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. განცხადება ჯაფარიძემ „20/30"-თან საუბარში გააკეთა:
„რუსულ პოლიტიკას სჩვევია, სტაფილოს ნაჭერი დაგანახოს და ამავე დროს დიდი ჯოხი ჰქონდეს მომარჯვებული. არ ვიცი, რის საფუძველზე დაიწყო ფიქრი ვიზების გაუქმებაზე ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა. შესაძლოა იმიტომ, რომ ევროპამ საკმაოდ ფორსირებულად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით.
ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან აწყობილია პრაგმატიზმზე. მივიჩნევთ, რომ პრობლემები არის ურთულესი, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია, არსებობდეს დიალოგი", - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.