რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით, ბახვი-ფამფალეთი-ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები. რეაბილიტაციის პროცესს ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო.
„ვასრულებთ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას - ამჯერად, ბახვი-ფამფალეთი-ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის სრულ რეაბილიტაციას ვაკეთებთ. სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 2 499 000 ლარს შეადგენს, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დასრულდება. შედეგად, მოეწყობა 2 997 მეტრი სიგრძის გზა. მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.