ავტორი თაკო კვარაცხელია
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დმიტრი მედვედევის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადება, ქართულმა მხარემ მუქარად აღიქვა. თუმცა, მედვედევის განცხადებაში, დაუფარავი მუქარის გარდა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომის მზაობის შესახებაც იყო აქცენტი გაკეთებული. განცხადების ამ ნაწილს, ოფიციალურმა თბილისმა ყურადღება პრაქტიკულად არ მიაქცია... „რეპორტიორის“ სტუმარია პოლიტიკური ექსპერტი თამარ კიკნაძე.
- ქალბატონო თამარ, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადება რომ შევაფასოთ. პირველ რიგში, როგორ ფიქრობთ, ეს იყო პირადად დმიტრი მედვედევის პოზიცია თუ ოფიციალური მოსკოვის პოზიცია?
- როდესაც ამ რანგის ოფიციალური პირი აკეთებს განცხადებას, ის არასოდეს აჟღერებს მის პირად მოსაზრებას. გავრცელებული მეთოდია მსოფლიო პოლიტიკაში, რომ როდესაც ქვეყნებს სურთ, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ამა თუ იმ მოვლენის მიმართ, მას აჟღერებს მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურა.
- ქართულმა მხარემ დმიტრი მედვედევის განცხადების მხოლოდ ერთ ნაწილზე გააკეთა აქცენტი, რომელიც მუქარად იქნა აღქმული, თუმცა, ამავე განცხადებაში, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომის მოწოდებაც იყო გაჟღერებული... თქვენი აზრით, რატომ იქნა იგნორირებული ეს ნაწილი ოფიციალური თბილისის მხრიდან და, საერთოდ, რა იყო რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი?
- აღნიშნულ განცხადებაში სხვა რამეზეც იყო აქცენტი გაკეთებული, იმ ანტირუსულ განწყობებზე, რომელიც საქართველოში შეინიშნება და ეს, ძირითადად, ოპოზიციის მიერაა წახალისებული. თუნდაც ის ფაქტი, როცა ისინი ბათუმში, რუსი ტურისტებით სავსე გემს დახვდნენ და უკან გააბრუნეს ლაინერი, ქვეყანაში მყოფ რუს ტურისტებსაც დაემუქრნენ, რომ პრობლემებს შეუქმნიდნენ მათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის საქართველოს ხელისუფლების პოზიცია და ისინი ხელს არ უწყობენ ამგვარი პოლიტიკის გატარებას, ფაქტი რჩება ფაქტად, ანტირუსული განწყობები მიზანმიმართულად იქმნება, რაც არაფრით წაადგება საქართველოს! მედვედევის განცხადების მეორე ნაწილი შეეხებოდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს და ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთისთვის აფხაზეთი და ოსეთი საქართველოზე ზეწოლის ბერკეტია. მედვედევმა პირდაპირ დააფიქსირა, რომ ისინი მზად არიან, გაერო-ს ფორმატში გაიმართოს დიალოგი, თუმცა, ეს დადებითად არ იქნება აღქმული დასავლეთის მიერ. ამ მხრივ, საქართველოს ხელისუფლება არცთუ ისე მარტივ სიტუაციაშია. მე, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, მჯერა, რომ ეს დიალოგი აუცილებლადაა გასამართი, იმიტომ, რომ სხვა ბერკეტი, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, უბრალოდ, არ გაგვაჩნია! საქართველო ამდენი წლის განმავლობაში ნათლად აფიქსირებს, რომ არჩეული აქვს დასავლური კურსი და სურს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, მაგრამ ეს პროცესი არ ხერხდება. დასავლეთი გვპირდება, რომ ჩვენ გავხდებით ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, მაგრამ სიტყვები სიტყვებად რჩება. ჩვენ კი არა, უკრაინასაც, რომელმაც ამდენი მსხვერპლი გაიღო, არ იღებენ თავიანთ სტრუქტურებში და ეუბნებიან, რომ შენ ჯერ რუსეთთან გამარჯვებით დაამთავრე ომი და მხოლოდ ამის შემდეგ ვილაპარაკოთ თქვენს ნატო-ში მიღებაზეო. წარმოუდგენელი ცინიზმია! თუკი საქართველო მკვეთრად ანტირუსულ პოზიციას დაიჭერს, მაშინ როდესაც ის არაა დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრირებული, ფაქტობრივად, მას არ რჩება არანაირი ბერკეტი, რომ რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს. ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, რომ რუსეთთან მოლაპარაკების გზით ვიაროთ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ამის ნათელი დასტური გახდა. უზარმაზარი სახელმწიფოს ლიდერი, ასეთი პატარა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს როგორი პატივითა და ცერემონიით დახვდა.
- ისე, როგორც არასოდეს, ევროპის არცერთ ქვეყანაში დახვედრიან არცერთ ქართველ ლიდერს...
- ნამდვილად! საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მე ვამჩნევ ერთ ძალიან პოზიტიურ ცვლილებას, რაც ამ ხელისუფლებისთვისაა დამახასიათებელი - მრავალვექტორულობასა და ეროვნული ინტერესების დაცვას! ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მედვედევის განცხადების საპასუხოდ გააკეთა ის განცხადება, რაც გააკეთა, ვფიქრობ, რომ საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან კიდევ იქნება სხვა განცხადებებიცა და ქმედებებიც!
- ელოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ღიად განაცხადებს მზაობას რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ?
- მსოფლიოში ახალი გადანაწილების პროცესი მიდის. საქართველოს მოსახლეობის ნაწილს ადრე ოპტიმისტური განწყობები ჰქონდა იმის შესახებ, რომ დასავლეთი, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემის, ტერიტორიული გამთლიანების პროცესის მოგვარების საკიხში, გვერდში დაგვიდგებოდა, მაგრამ ამ პროცესებმა, რაც ბოლო დროს განვითარდა, ცხადყო, რომ საქართველომ თვითგადარჩენის რეჟიმში უნდა იმოქმედოს! რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, თუკი ისინი ნათლად და მკაფიოდ ვერ აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, ეს იმის ბრალია, რომ ოპოზიცია აფთრებივითაა ჩასაფრებული და, როგორც კი ქვეყნის სასარგებლოდ იდგმება ნაბიჯი, მაშინვე დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას იწყებენ, რაც არცერთ შემთხვევაში არ წაადგება საქართველოს კეთილდღეობას!
- ქალბატონო თამარ, დმიტრი მედვედევის განცხადება დროში დაემთხვა საქართველოში ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო წვრთნების დაწყებას, განცხადებამდე ზუსტად ორი დღით ადრე დაიწყო მათი წვრთნები ჩვენს ტერიტორიაზე... როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ამ ორ მოვლენას შორის კავშირი და რას მოუტანს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების აკვიატებული იდეა?
- საერთოდ, პოლიტიკაში ყველაფერი ურთიერთკავშირშია და შემთხვევით არაფერი ხდება! მაგრამ ამ შემთხვევაში, მე შემიძლია გავუგო საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ამინდს საერთაშორისო პოლიტიკურ სცენაზე ვერ ვქმნით. ჩვენ ბუფერული სახელმწიფო ვართ და ძალიან ფრთხილი მოქმედებებია საჭირო! საქართველო კი არა, ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფო, უკრაინაც ბუფერული სახელმწიფოა და მსოფლიო გადანაწილების აღნიშნული პროცესი, სწორედ უკრაინის გადანაწილების ხარჯზე ხდება. ამიტომ, ახლა არაა საჭირო არც დაჩქარებული გადაწყვეტილების მიღება და არც გადაწყვეტილების მიღების დაგვიანება. უნდა მოვძებნოთ ის ბიბლიური, ჭეშმარიტი დრო, რომელიც სარგებელს მოგვიტანს. მინდა მჯეროდეს, რომ ხელისუფლება ამ დროსა და ამ პროცესებს აკონტროლებს!
- და ბოლოს, არ მინდა მკითხაობა გამოგვივიდეს, მაგრამ მაინც გკითხავთ, თქვენი აზრით, შემსრულებელია თუ არა რუსეთი იმ მუქარისა, რომელსაც მედვედევის განცხადება შეიცავდა? ფაქტია, რომ უკრაინას წლების წინანდელი მუქარა შეუსრულა...
- ამაში ეჭვი ვინმეს ეპარება?! საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და ერთი დღეც კი არ დასჭირდება რუსეთს, რომ აქ საომარი მოქმედებები დაიწყოს და დაამთავროს! ამას ისეთი პროცესების განვითარება მოჰყვება, რომ შეიძლება, საქართველოს რუსეთის გუბერნიად ყოფნა მოენატროს, ამიტომ ყველა უნდა მიხვდეს, რომ ოპოზიციის ეს ისტერიული რიტორიკა ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო მიზნებს არ ემსახურება!