logo_geo
eng_logo
ბავშვთა ფსიქოლოგ ირინა ნიკოლაიშვილის რჩევები მშობლებს...
- +

26 აგვისტო. 2023. 10:09

 

 

ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ...“ - ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ეს საქვეყნოდ ცნობილი ფრაზა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბავშვობაში განცდილი ემოციები და მიღებული შთაბეჭდილებები ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია ადამიანის პიროვნების ფორმირებაში. როგორ უნდა მივუდგეთ ბაღის ასაკის ბავშვებს, რომ მათ არ წავართვათ ბავშვობა, თუმცა, პარალელურ რეჟიმში, ვეცადოთ მათი ინდივიდუალიზმისა და თვითმყოფადობის წინა პლანზე წამოწევა?! რეპორტიორის სტუმარია ბავშვთა ფსიქოლოგი ირინა ნიკოლაიშვილი.

 

- ქალბატონო ირინა, მინდა ჩვენი ინტერვიუ იმ ეტაპზე საუბრით დავიწყოთ, როცა მშობელი პირველად შორდება შვილს, პირველად ტოვებს მას უცხო გარემოში, მიჰყავს ბაღში და იწყებს მის მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ბავშვები ხომ სხვადასხვანაირები არიან და ბევრ მათგანს ძალიან უჭირს მშობელთან პირველი განშორების გადატანა... როგორ უნდა მოვიქცეთ უფროსები, რომ პატარებმა რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადაიტანონ ეს პროცესი და, საერთოდ, აუცილებელია თუ არა ბავშვის საბავშვო ბაღში მიყვანა?

 

- კი, ერთმნიშვნელოვნად, აუცილებელია! ბაღი არ არის მხოლოდ ის გარემო, სადაც ბავშვი თამაშობს, ან გარემო, სადაც მშობელს უბრალოდ შეუძლია დროის გარკვეულ მონაკვეთში უსაფრთხო ხელში დატოვოს შვილი. ბაღი ეს არის სოციუმი, რომელშიც ბავშვი გადის სოციალიზაციას, ანუ, სადაც ის სწავლობს თვითდამკვიდრებას, თავისი აზრის გატარებას, სხვისი აზრის მიმღებლობას, სოციალურ ქცევას და ჯგუფის წევრობას. მას ბაღში უწევს ისეთი საქმიანობის შესრულება, რომლის შესრულებაც, დროის იმ მონაკვეთში, შეიძლება, სულაც არ სურდეს. იღებს ისეთ საკვებს, რაც მას შეიძლება სულაც არ უყვარდეს, ან უწევს ზეიმში მონაწილეობის მიღება, რაც, ასევე, შეიძლება სულაც არ უხაროდეს. ანუ, ის ექცევა ისეთ გარემოში, როგორი გარემოც მერე ცხოვრებაშიც შეხვდება, ჩვენც, დიდებსაც ხომ გვიწევს ისეთი საქმიანობის შესრულება, რაც შეიძლება სულაც არ გვსურს, მაგრამ ვალდებულნი ვართ... ანუ, ბაღი, ეს არის ის ეტაპი, რომელიც აუცილებლად უნდა გაიაროს ბავშვმა, რათა მან დაიწყოს არამარტო დადებითი, არამედ რაღაც უარყოფითი სიტუაციების დაძლევაც, რომ მოემზადოს ცხოვრებისთვის! ბავშვისთვის ადვილი არ არის მშობელთან პირველი განშორება, ამიტომ უმორჩილესად ვთხოვ მშობლებს, ამ დღისთვის მოამზადონ არა მხოლოდ ბავშვები, არამედ მოემზადონ თავადაც.

 

- როგორ უნდა მოემზადონ მშობლები ამ დღისთვის და როგორ უნდა მოამზადონ შვილები?

 

 

- თუ მშობელი სამ წლამდე ბავშვს ატყობს, რომ უჭირს კომუნიკაცია, არ უყვარს სტუმრების მოსვლა, უჭირს სხვა ბავშვებთან სათამაშოს გაზიარება, უჭირს მისი აზრის ორ ან სამ ადამიანთან გამოხატვა, ეს ცალსახად აძლევს მას იმის ნიშანს, რომ ასეთ ბავშვს, ბაღში მოხვედრის პირველივე დღიდან, ჩაუქრება სურვილი, კვლავ მოხვდეს იმავე სიტუაციაში და იგი ყველანაირად ეცდება, დარჩეს დაცულ გარემოში, სახლში, მშობლებთან, ბებია-ბაბუასთან თუ ძიძასთან. ამ მხრივ ნაკლებად პრობლემურია ბავშვი, რომელიც უფრო კომუნიკაბელურია, არ აქვს პრობლემა სხვა ბავშვებთან თამაშის და უყვარს თანატოლებთან ყოფნა. ასეთი ბავშვის მშობელს ბევრი საფიქრალი არ აქვს, თუმცაღა, გარკვეულ დეტალებს, რა თქმა უნდა, მანაც უნდა მიაქციოს ყურადღება. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, თუ როგორ უნდა მოემზადოს ამ დღისთვის მშობელი, კარგი იქნება, თუ ბაღში წასვლამდე, ყველა მშობელი თავის მიკროგარემოში მოაწყობს იმ სიტუაციის ინსცენირებასა თუ მოდელირებას, რა სიტუაციის გადალახვაც მოუწევთ სამომავლოდ, ანუ, ერთმანეთთან განშორების გადალახვა. როგორ ხდება ეს? სანამ ბავშვს მოუწევს ბაღში დარჩენა, მას უნდა მოუწიოს ბებიასთან, ძიძასთან თუ გასართობ ცენტრში დარჩენა, ანუ, მშობელთან მცირე ხნით განშორება. აქედან გამომდინარე, მცირე ხნით მის გარეშე დარჩენის ჩვევა მშობელმა უნდა გამოუმუშავოს არა უშუალოდ ბაღში წასვლის წინ, არამედ, მანამდე, თუნდაც ექვსი თვით ადრე. ეს ჩვევა ბავშვს შეიძლება გამოუმუშავდეს, როცა დედა მცირე ხნით მამასთან განმარტოვდება და ბავშვს მოუწევს ლოდინი, ან მაშინ, როცა მშობელი დროს დაუთმობს სამსახურს თუ სატელეფონო საუბარს, როცა ბავშვს ასევე მოუწევს ლოდინის ფენომენის გათავისება, ან მაშინ, როცა მას დატოვებენ ოთახში მარტოს და მისცემენ მითითებას, დაალაგოს თავისი სათამაშოები, ან დააძინოს თოჯინა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდეს ოთახიდან... განშორების ეპიზოდს ის ასე შეეჩვევა და მიიღებს დედის გარეშე მცირე ხნით დარჩენის გამოცდილებას. შეიძლება ცოტა ხნით ბავშვი დარჩეს სკვერში სათამაშოდ და ის ვერ ხედავდეს მშობელს, მაგრამ მშობელი აუცილებლად უნდა ხედავდეს მას, რადგან, როგორც კი ბავშვი გააცნობიერებს, რომ იმყოფება მარტო და დაუცველად, და როგორც კი დაიწყებს თვალების ცეცებას, მის გვერდზე მაშინვე, აუცილებლად, უნდა გაჩნდეს დედა ან მამა, რათა მას, თუნდაც რამდენიმე წამის განმავლობაშიც კი, არ დაეუფლოს შიშის შეგრძნება.

 

- ქალბატონო ირინა, რა ასაკიდან არის რეკომენდებული ბავშვის ბაღში მიყვანა?

 

- კარგი იქნება, თუ ჩვენს ქვეყანაში მოვერგებით საკუთარ პოპულაციას და ხისტად არ გადმოვიტანთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას. ამის გათვალისწინებით კი, საქართველოში ბავშვი სამ წლამდე ბაღში არ უნდა მივიყვანოთ, რადგან, სწორედ ამ ასაკიდან იწყებს ის სოციალიზაციას. სამი წლის ბავშვი უკვე მზად არის კვებისთვის, „ქოთნის ინსტიტუტისთვის“, დამოუკიდებლად, მოტორული განვითარებისთვის, ჯგუფური სამუშაოებისთვის, ძერწვისთვის, ხატვისთვის, ცეკვისთვის თუ სხვა ბავშვებთან ერთად დავალების მიღების, აღქმისა თუ მითითების შესრულებისთვის.

 

- ახლა მინდა ყველასთვის მტკივნეულ საკითხს, გაჯეტებს შევეხოთ... ალბათ, სწორედ ბაღის ასაკისაა ბავშვი, როცა მშობელი მას პირველად აძლევს მობილურ ტელეფონსა თუ პლანშეტს. რამდენად სწორია, ბავშვის დასამშვიდებლად ან ყურადღების გადასატანად, მშობელმა გამოიყენოს გაჯეტი?

 

- თუ მშობელი ბავშვს აძლევს გაჯეტს და ამას შემეცნების, მისი გონებრივი განვითარების, ფერების, ფორმებისა თუ ფიგურების უკეთ აღქმის დატვირთვით აკეთებს, იმისათვის, რომ შვილმა შეიმეცნოს ცხოველები, ისწავლოს ცხოველთა ხმები, განივითაროს სმენითი და მხედველობითი აღქმა, უტვირთავს მისი განვითარების შესაბამის აპლიკაციებს და ტელეფონს აძლევს მხოლოდ მცირე დროით, ამაში არანაირი პრობლემა არ არის. თუმცა, არცერთ შემთხვევაში ბავშვს ტელეფონი არ უნდა მივცეთ დიდი ხნით და უკონტროლოდ, ჭარბი დროით და განუსაზღვრელი ინფორმაციით, რადგან ეს აუცილებლად დატოვებს უარყოფით შედეგებს მის მეხსიერებაზე, აღქმაზე, მხედველობაზე, ემოციებზე... ერთი სიტყვით, ყველაფერზე! რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ხნით უნდა მივცეთ მათ გაჯეტები... როგორც უწინ იყო, ყველაფერზე ხაზის გადასმა არ ღირს. მეცნიერულად იყო დადასტურებული, რომ მულტიპლიკაციური ფილმი 10-15 წუთზე მეტი ქრონომეტრაჟის არ უნდა ყოფილიყო, რადგან დროის ამ მონაკვეთში, ბავშვის გონება მობილიზებული და ინტერესიანია, ამ დროის მერე კი, ბავშვისთვის ის ხდება მონოტონური და ჩვეულებრივი. ალბათ, ასეა მობილური ტელეფონის შემთხვევაშიც და ესაა ოპტიმალური დრო.

 

- რაც შეეხება გემოვნების ჩამოყალიბებას... ქალბატონო ირინა, დაახლოებით რა ასაკიდან უყალიბდება ბავშვს გემოვნება და როგორ უნდა მოახერხოს მშობელმა, რომ ბავშვი თან აზიაროს მაღალ კულტურას, ხელოვნებას, გემოვნებიან მუსიკას და, ამასთანავე, მისი პატარა არ დატოვოს მის თანატოლებში პოპულარული მულტიპლიკაციებისა თუ მუსიკის გარეშეც, რომლებიც შეიძლება სულაც არ იყოს გემოვნებიანი?

 

- ძალიან ხშირად, როცა ცნობილ მუსიკოსებს, კომპოზიტორებსა თუ შემსრულებლებს ჟურნალისტები ეკითხებიან, როდის მოასმენინა დედამ პირველად ამ ჟანრის მუსიკა, ისინი ძირითადად პასუხობენ, რომ მშობელმა, ჯერ კიდევ სულ პატარა ასაკში მოასმენინა კარგი მუსიკა და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, თუმცა, მშობელს არ უნდა დაავიწყდეს ის ფაქტიც, რომ ადრეულ ასაკში ბავშვი გადის სოციალიზაციას და მას აქვს მოთხოვნილება, ეცვას ისე, როგორც აცვიათ მის თანატოლებს, ან იცოდეს ის საბავშვო სიმღერები, რომლებსაც მღერიან მასავით პატარა მისი მეგობრები... თუკი მშობლები შეძლებენ, იპოვონ ოქროს შუალედი და ბავშვებს მოასმენინონ გემოვნებიანი მუსიკაც და საბავშვო სიმღერებიც, ეს იქნება იდეალური გამოსავალი და მხოლოდ დადებითად იმოქმედებს ბავშვის გემოვნების ფორმირებაზე. თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საფრთხილოა, რომ ბავშვებს არ წავართვათ ბავშვობა და ისინი არ აღვზარდოთ მხოლოდ მაღალი ელიტარული ნორმებით. ბავშვის ცხოვრებაში თავისი დატვირთვა აქვს ყველაფერს - გემოვნებიან სამოსს, გემოვნებიან მუსიკასა თუ წიგნებს და საბავშვო, იმ მომენტისთვის, მის თაობაში აქტუალურ „ტრენდებსაც“.

 

- თქვენ ახლა ახსენეთ, რომ რაღაც ასაკში ბავშვს მოსწონს ეცვას ისე, როგორც ყველას, ან უსმინოს იმას, რასაც ყველა უსმენსო... ანუ, ბავშვს აქვს მიდრეკილება, იყოს ისეთი, როგორიც ყველაა. თუმცა, ამის პარალელურად, სავარაუდოდ, მშობელს სურს, ბავშვს განუვითაროს ინდივიდუალიზმიც. როგორ უნდა ვიპოვოთ ეს ბალანსი, რომ რაღაც ასაკამდე ჩვენი ბავშვი ჰგავდეს მის თანატოლებს, თუმცა, არ ჩავკლათ მასში მისი განსხვავებულობა და თვითმყოფადობა?

 

 

- როცა ბავშვს ეწყება სწრაფვა ინდივიდუალიზმისკენ, ხშირად ამის შემჩნევა ადვილია, რადგან ჩემი დაკვირვებით, მას პროტესტი უჩნდება საკუთარი სახელის აღქმასთან დაკავშირებითაც კი. მშობელი ბავშვს არქმევს სახელს, მაგრამ როცა ის პირველად ხვდება სოციუმში, ეზოში ან საბავშვო ბაღში, ხვდება, რომ მისი სახელი სხვასაც ჰქვია და ერთ მშვენიერ დღეს, მშობელი აღმოაჩენს, რომ ბავშვმა გადაირქვა საკუთარი სახელი და სხვებს შეცვლილი ფორმით გააცნო თავი. ეს მშობლისთვის უნდა იყოს იმის ნიშანი, რომ ის თვითდამკვიდრებისთვის რაღაც ფორმას ეძებს და სჭირდება ცვლილება. ასე ხდება მისი სოციუმის გახლეჩვა, ანუ, ერთ ადგილას მისი პიროვნება ერთნაირია, მეორეგან კი, სრულიად სხვანაირი... აი, როცა ასეთი ტენდენციები იჩენს თავს, ეს მშობლისთვის უნდა იყოს  მანიშნებელი, რომ მის შვილს აკლია თავისუფლება! მაგრამ, როცა ბავშვისთვის სულერთია, რას ჩააცმევს მშობელი, თმას როგორ გაუკეთებს ან რა სათამაშოთი ათამაშებს, მშობელს უნდა ენიშნოს, რომ რომ აქ სამუშაო, პირიქით აქვს ჩასატარებელი და მათ ინდივიდუალიზმის დეტალები უფრო მეტად უნდა გაუღვივონ, რომ თავი არ აგრძნობინონ მუდმივად ერთფეროვნად, ინდიფერენტულად და მასის წევრად! მივდივართ იქამდე, რომ ორივე შემთხვევაში ზომიერება - გადამწყვეტია. ხშირად შევხვდებით, როცა ბავშვს აქვს გამოკვეთილი ინდივიდუალიზმი და მშობელი მიმართულია, რომ ჩაახშოს, აღმოფხვრას მისი თვითიდენტიფიკაცია, რაც ძალიან არასწორი მიდგომაა! სწორი მშობლობა ისაა, აპოვნინო ბავშვს საკუთარი თავი და მისცე არჩევანის თავისუფლება.

 

- ქალბატონო ირინა, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, დარწმუნებული ვარ, ბაღის ასაკის ბავშვების მშობლები ჩვენი დღევანდელი ინტერვიუდან ბევრ ახალს და საინტერესოს შეიტყობდნენ და იმედია, გაითვალისწინებენ კიდეც თქვენს რჩევებს!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner