FIFA-ს დისციპლინურმა კომიტეტმა ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი საფეხბურთო აქტივობას 90 დღით ჩამოაშორა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის დაჯილდოების ცერემონიის დროს ლუის რუბიალესმა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს, ჯენი ერმოსოს ტუჩებში აკოცა. იმის მიუხედავად, რომ რუბიალესი ამ საქციელის გამო მკაცრად გააკრიტიკეს, მან გადადგომაზე უარი განაცხადა. ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ნახევარმცველს მისი თანხმობით აკოცა, რასაც ერმოსო მტკიცედ უარყოფს.
რუბიალესს მხარს ესპანეთის ფეხბურთს ასოციაციაც უჭერს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ერმოსოს წინააღმდეგ ლეგალურ ზომებს მიიღებენ.
ქალ ფეხბურთელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთის ნაკრების გამარჯვებით, 20 აგვისტოს დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში, რომელიც სიდნეიში სტადიონ „ავსტრალიაზე“ გაიმართა ესპანელები ინგლისელებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 1:0 სძლიეს.