ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ საფრანგეთის ლიგა 2-ის ლიდერს, „ამიენს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 2:0.
ლიგა 2-ის მე-4 ტურის შეხვედრამდე „ამიენი“ 9 ქულით „კაენთან“ ერთად ლიდერობდა. „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა დავითაშვილმა და საკმაოდ მაღალი შეფასება (7.0) მიიღო. 36-ე წუთზე ქართველი შემტევი შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გააფრთხილა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. „ბორდომ“ წარმატებას მეორე ტაიმში მიაღწია. 47-ე წუთზე ანგარიში ზან ვიპოტნიკმა გახსნა, საბოლოო ანგარიში კი 56-ე წუთზე დაეტან ვაისბეკმა დააფიქსირა – 2:0.
ამ მოგებით, „ბორდომ“ 4 ტურის შემდეგ 6 ქულა მოიპოვა (1 ქულა დაკლებული აქვს) და მე-6 ადგილზე დაწინაურდა.