logo_geo
eng_logo
ჯოზეფ ბორელი: დიახ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს
- +

27 აგვისტო. 2023. 11:22

 

 

„ზოგი ამბობს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მუშაობს. ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება“, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ბლოგშია აღნიშნული.

 

„უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 11 რაუნდი დააწესა. ზოგი ამბობს, რომ სანქციები არ მუშაობს. ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. ერთი წლის განმავლობაში მათ უკვე შეძლეს მოსკოვის შესაძლებლობების შეზღუდვა, საკვანძო ბაზრებიდან ქვეყნის გამოდევნა და რუსეთის ინდუსტრიული და ტექნოლოგიური შესაძლებლობების მნიშვნელოვანი დეგრადაცია. ომის შესაჩერებლად, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს კურსი“, - წერს ბორელი ბლოგში, რომლის სათაურია: „დიახ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს“.

 

მისი თქმით, ევროკავშირმა სამოგზაურო აკრძალვა დაუწესა და აქტივები გაუყინა 1 500-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და 250-მდე ორგანიზაციას.

 

„ჩვენი შემზღუდველი ზომები, ტექნიკურად სწორი ტერმინი რომ გამოვიყენოთ, უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, ორიენტირებულია რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებზე, რომლებიც გადამწყვეტია მოსკოვის ომის ძალისხმევისთვის. გარდა ამისა, ევროკავშირმა ასევე დაუწესა სამოგზაურო აკრძალვა და აქტივები გაუყინა 1 500-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და თითქმის 250 ორგანიზაციას.

 

ეს ზომები ახდენს მძიმე, ხელშესახებ გავლენას რუსეთის ეკონომიკაზე, მიუხედავად ნავთობისა და გაზისგან მიღებული უზარმაზარი შემოსავლებისა, რომელსაც რუსეთი ბუფერად იყენებდა შეჭრის პირველ წელს. სანქციების ეფექტი დროთა განმავლობაში გაძლიერდება, რადგან ზომები გრძელვადიან ზემოქმედებას ახდენს რუსეთის ბიუჯეტზე და მის სამრეწველო და ტექნოლოგიურ ბაზაზე“, - აცხადებს ბორელი.

 

ჯოზეფ ბორელის ბლოგში აღნიშნულია, რომ რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს 2.1%-ით შემცირდა. წარმოება, რომელიც შეჭრამდე სტაბილურად იზრდებოდა, 2022 წლის ბოლოსთვის 6%-ით შემცირდა. ავტომობილების წარმოება წინა წელთან შედარებით 48%-ით შემცირდა, კომპიუტერული, ელექტრონული და ოპტიკური წარმოება 8%-ით, საცალო ვაჭრობა 10%-ით, ხოლო საბითუმო ვაჭრობა 17%-ით.

 

„2021 წელთან შედარებით, 2022 წელს რუსეთიდან ევროკავშირში მთლიანი იმპორტის 58% შეწყდა - ეს არის უპრეცედენტო შემცირება. რუსეთიდან არაენერგეტიკული საქონლის იმპორტი 60%-მდე შემცირდა, ყველაზე თვალსაჩინო ვარდნაა რკინისა და ფოლადის, ძვირფასი ლითონებისა და ხის მასალის იმპორტზე. არაენერგეტიკული საქონლის იმპორტის შემცირება 2023 წლის პირველ კვარტალში 75%-ზე მეტია, ხოლო ენერგეტიკული საქონლის კიდევ უფრო დიდია და 80%-ს შეადგენს.

 

რაც შეეხება ექსპორტს, ევროკავშირიდან რუსეთში საქონლის მთლიანი ექსპორტი ომამდე პერიოდის წლიურ მაჩვენებელზე 52%-ით დაბალი იყო. ამასთან, ევროკავშირიდან რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი, რომლებიც აუცილებელია იმ აღჭურვილობისა და იარაღის წარმოებისთვის, რომელსაც რუსეთი ომის საწარმოებლად იყენებს, 2022 წელს 2019-2021 წლებთან შედარებით 78%-ით შემცირდა“, - წერს ჯოზეფ ბორელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner