„მაესტროს" გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე ილია კიკაბიძის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.
ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატმა ნანუკა ჭკუასელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაჩეჩილაძე მოითხოვს შპს „ტელეკომპანია მაესტროს" მფლობელ ილია კიკაბიძეს არ მიეცეს შპს „სტუდია მაესტროს" სახელის გამოყენების უფლება.
„აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს, მათ შორის მეურვეს ჩავაყენებთ საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება მესამე პირების მიერ შპს „სტუდია მაესტროს" კუთვნილი ქონების და აქტივების გამოყენება. მოთხოვნა იქნება ის, რომ „ტელეკომპანია მაესტროს" არ მიეცეს საშუალება, გამოიყენოს შპს „სტუდია მაესტროს" კუთვნილი აქტივები", - განაცხადა ნანუკა ჭკუასელმა.
ილია კიკაბიძე „მაესტროს" სახელით უახლოეს დღეებში ახალი ტელეკომპანიის მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს. მისი მტკიცებით, სახელიც და ლოგოც მისი მოგონილია და 2011 წლიდან ორივე მის საკუთრებაშია.
უკვე ცნობილია, რომ ახალი არხი მაუწყებლობას იმავე შენობაში დაიწყებს, რომელშიც „მაესტრო" ახლა ფუნქციონირებს. შენობას ტელეკომპანიის მაუწყებლობისთვის ილია კიკაბიძეს მაკა ასათიანი უთმობს.