საბურთალოს რაიონში გაზის მილზე ხანძრის შედეგად დაიწვა მაღალი ძაბვის კაბელები, რის გამოც 26 000-ზე მეტ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები, სავარაუდოდ, 00:00 საათისთვის დასრულდება.
„თბილისში, ოდიშელიძის ქუჩის 47 ნომრის მიმდებარედ არსებულ გაზის მილზე ხანძრის გამო დაიწვა „თელასის“ მაღალი ძაბვის 35 კვტ სიმძლავრის კაბელები, რომლიდანაც ელექტროენერგია მიეწოდება საბურთალოს რაიონის 26 000 მეტ მომხმარებელს. ამჟამად მათ ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვთ. გაზის კომპანიის მიერ გადაიკეტა გაზი. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
„თელასის“ საავარიო სამსახურები ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომელიც, სავარაუდოდ, 00:00 საათისთვის დასრულდება“, - აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.