“რუსეთს თავისი უშველებელი რესურსებით ჯერჯერობით ვერ მოუხერხებია, რომ უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე ვინმე დაიყოლიოს, გარდა რამდენიმე ქვეყნისა - ამ ეტაპზე ჩვენი ძალისხმევა წარმატებულია”, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებას, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა „სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი სხვა ქვეყნებმაც აღიარონ, მათ შორის ინდოეთმა და ჩინეთმა“.
„ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია. ეს არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი. რა საკვირველია, ჩინეთთან და ინდოეთთან ჩვენი პოზიციის სრული თანხვედრაა. არსებობს არაღიარების პოლიტიკის გარკვეული სტრატეგიული მიმართულებები, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები უზრუნველყოფენ. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ ამას პერსპექტივა არ გააჩნია. ერთიც უნდა გვახსოვდეს - ემოციების გარეშე რომ ვიმსჯელოთ, რუსეთს თავისი სტრატეგიული ხედვა და სტრატეგიული ამოცანები გააჩნია, რომელიც საქართველოს სტრატეგიულ ამოცანებსა და ხედვას, მის მომავალს პრინციპულად ეწინააღმდეგება. გამომდინარე აქედან, რა საკვირველია, ჭიდილი და დაძაბულობა არსებობს, მათ შორის სამხედრო და პოლიტიკურ სფეროში. ისიც გვახსოვდეს, რომ რუსეთს თავისი უშველებელი რესურსებით ჯერჯერობით ვერ მოუხერხებია, რომ უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე ვინმე დაიყოლიოს, გარდა რამდენიმე ქვეყნისა - ამ ეტაპზე ჩვენი ძალისხმევა წარმატებულია", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინმა Sputnik Южная Осетия-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:
„რუსეთი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებისკენ წაიწიონ“, - განაცხადა კარასინმა.