პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მცდელობა ომის დროს კორუფცია ღალატთან გაათანაბროს უარყოფით რეაქციას იწვევს ოფიციალური პირებისა და მარეგულირებლების მხრიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ ამ გეგმამ შეიძლება შეაფერხოს უკრაინის მთავარი ანტიკორუფციული ძალების საქმიანობა, - წერს ამერიკული გამოცემა POLITICOსტატიაში სათაურით კორუფციასთან ბრძოლის ზელენსკის გეგმა ხელის დაფარების შიშებს იწვევს.
გამოცემა ორ უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის ანტიკორუფციულ უწყებებში იზრდება შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ზელენსკის გეგმა მათი ზედამხედველობიდან გამოიყვანს მაღალი დონის კორუფციულ საქმეებს და ამ საქმეებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს გადასცემს, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტს ექვემდებარება.
„პოტენციურად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს შეუძლია ჰქონდეს უფლებამოსილება, ჩაფარცხოს კორუფციული საქმეები, რომელშიც უმაღლესი თანამდებობის პირები არიან გახვეულნი. ოფიციალური პირების თქმით, ამ ნაბიჯმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას უკრაინის ანტიკორუფციულ ინფრასტრუქტურას“, - ნათქვამია სტატიაში.
„კორუფციის ღალატთან გათანაბრებით, ზელენსკის ოფისი მანიპულირებს საზოგადოების მხრიდან სამართლიანობის სურვილით“, - განაცხადა უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული სამოქმედო ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ვიტალი შაბუნინმა.
შაბუნინმა დასძინა, რომ ზელენსკის ოფისი სხვა მიზნებს მისდევს - დაიცვას მაღალი რანგის თანამდებობის პირები კორუფციის ბრალდებებისგან და მოიპოვოს ინსტრუმენტები ოპონენტების გასანადგურებლად.
„უკრაინის უსაფრთხოების სამსახური გამოიძიებს იგივე საქმეებს, რასაც უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო, რაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ოფისისისთვის „სენსიტიურ“ საქმეებში მტკიცებულებები განადგურდება“, - აღნიშნა შაბუნინმა.
„ანტიკორუფციული სამოქმედო ცენტრის“ წყაროების ინფორმაციით, კანონპროექტი მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიების უფლებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს მისცემს.
გამოცემა POLITICO აღნიშნავს, რომ ზელენსკის ადმინისტრაციაში კორუფციულმა სკანდალებმა ყურადღება მიიპყრო მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ცდილობს.
„მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკი პირადად არ არის გახვეული [კორუფციულ] სკანდალში, უკრაინელების დაახლოებით 77% მიიჩნევს, რომ ის პასუხისმგებელია მთავრობასა და ადგილობრივ სამხედრო ადმინისტრაციებში არსებულ კორუფციაზე. ამას ცხადყოფს აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნებული ილკო კუჩერივის დემოკრატიული ინიციატივების ფონდის მიერ ჩატარებული გამოკითხვა“, - აღნიშნულია სტატიაში.
ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმაPOLITICO-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტის ინიციატივები გააძლიერებს ანტიკორუფციულ ინფრასტრუქტურასა და მის ეფექტურობას.